თბილისის საქალაქო სასამართლომ ქონების იძულებით გადაფორმების საქმეზე ბრადებული გია უდესიანი პატიმრობაში დატოვა.
შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების გაუქმებასთან დაკავშირებით დაცვის მხარემ დააყენა.
„დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარის მხრიდან გაჟღერდა მნიშვნელოვანი შუამდგომლობები. ნაწილი ეხებოდა აღკვეთის ღონისძიების შეცვლას, ნაწილი მოსამართლის მიკერძოებულობასთან დაკავშირებულ ეჭვებს, თუმცა სასამართლომ კვლავ გააგრძელა ის ხაზი, რაც წლებია, გიორგი უდესიანის წინააღმდეგ მიმდინარეობს საქართველოში. დღეს სასამართლომ მტკიცებულებად დაუშვა მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე გოგაძის განცხადებები, რაც გიორგი უდესიანის უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევდა. ამავდროულად სასამართლომ არ დაუშვა დასაკითხად გიორგი გოგაძე, რაც არის სამწუხარო ტენდენცია“, – განაცხადა ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ.
ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიების გაუქმების შუამდგომლობას არ დაეთანხმა. მათი თქმით, არ არსებობს ახალი არსებითი გარემოება, რათა შეიცვალოს აღკვეთის ღონისძიება.
დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ ასევე მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენა. უფლებადამცველების განმარტებით, მოსამართლის მხრიდან ჩანდა მიკერძოებულობა. ამ შუამდგომლობას ბრალდების მხარე არ დაეთანხმა ვინაიდან, მათი განმარტებით, დაცვის მხრის შუამდგომლობა დაუსაბუთებელი იყო.
„სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა სასამართლოში წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხის დამტკიცების თაობაზე. რაც შეეხება ბრალდების მხარის მოთხოვნას, დააკმაყოფილა ნაწილობრივ და დაუშვებლად ცნო დაცვის მხარის ორი მოწმის დაკითხვის თაობაზე. აცილების შუამდგომლობაზე დაცვის მხარის პოზიცია იყო აბსოლუტურად დაუსაბუთებელი. მათთვის მიუღებელი იყო შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიებას, ეს გამოყენებულია სასამართლოს მიერ და ახალი არსებითი გარემოება, რომელიც აღკვეთის ღონისძიების შეცვლას გამოიწვევდა, დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია“, – განაცხადა პროკურორმა ქეთევან ჩაჩავამ.
შემდეგი სხდომა 5 თებერვალს, 14:00 საათზე გაგრძელდება.
შეგახსენებთ, საქმეზე ბრალდებულ გია უდესიანს და ზაზა გუგავას ბრალდების მხარე უძრავი ქონებისა და სამეწარმეო ორგანიზაციის წილების გამოძალვის, ასევე თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზებას ედავება. გია უდესიანს დაუსწრებლად წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. რაც შეეხება საქმეში ფიგურანტ მეორე პირს, ზაზა გუგავას მიმართ აღკვეთის ღონისძიებად 50 000-ლარიანი გირაოა გამოყენებული.
ავტორი -
გიორგი იდუკაშვილი