გია უდესიანისა და ზაზა გუგავას საქმე არსებითი განხილვისთვის სასამართლოს გადაეცა
გია უდესიანისა და ზაზა გუგავას საქმე არსებითი განხილვისთვის სასამართლოს გადაეცა

ქონების იძულებით გადაფორმებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის საქმეზე ბრალდებულების, გია უდესიანისა და ზაზა გუგავას საქმე მოსამართლე ლელა კალიჩენკომ არსებით განხილვისთვის სასამართლოს გადასცა.

დღევანდელ პროცესზე მხარეებმა მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხზეც იმსჯელეს.

„დაცვის მხარე ითხოვდა დევნის შეწყვეტას, თუმცა სასამართლოს შეფასებით ამის საფუძველი არ არსებობდა. დასაშვებად იქნა წარდგენილი ბრალდების მხარის სრული მტკიცებულებები, მოწმეთა ჩვენებები დოკუმენტაცია. დაცვის მხარის შუამდგომლობით არ იყო დაშვებული ორი მოწმის ჩვენება, დანარჩენი მტკიცებულებები ასევე დასაშვებად მიიჩნია სასამართლომ“, – განაცხადა პროკურორმა ქეთი ჩაჩავამ.

დაცვის მხარემ სამართლებრივი დევნის შეწყვეტას ითხოვდა.

„მტკიცებულებები არის თავიდან ბოლომდე დაყრდნობილი დაინტერესებული პირის, ემზარ ლიპარტელიანის ჩვენებაზე. ფაქტობრივად მისი ჩვენების გარდა ამ საქმეში არ მოიპოვება არაფერი დამაჯერებელი. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ედავებიან, თითქოს და ემზარ ლიპარტელიანს წილი დაათმობინეს, მაგრამ სინამდვილეში ემზარ ლიპარტელიანმა რამდენიმე ასეული ათასი დოლარი პირადად მოიხმარა ნაცვლად იმისა, რომ მოეხდინა ინვესტირება“, – განაცხადა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.

საქმის არსებითი განხილვა 24 თებერვალს 12:00 საათზე გაგრძელდება.

შეგახსენებთ, საქმეზე ბრალდებულ გია უდესიანს და ზაზა გუგავას ბრალდების მხარე უძრავი ქონებისა და სამეწარმეო ორგანიზაციის წილების გამოძალვის, ასევე თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზებას ედავება. გია უდესიანს დაუსწრებლად წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. რაც შეეხება საქმეში ფიგურანტ მეორე პირს, ზაზა გუგავას მიმართ აღკვეთის ღონისძიებად 50 000-ლარიანი გირაოა გამოყენებული.