გია უდესიანის ადვოკატები მირზა სუბელიანის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვენ
გია უდესიანის ადვოკატები მირზა სუბელიანის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვენ

გია უდესიანის ადვოკატები მირზა სუბელიანის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვენ და გეგმავენ, სუბელიანთან დაკავშირებით გუშინ გავრცელებული ჩანაწერი სისხლის სამართლის საქმეს მტკიცებულებად დაურთონ.

ადვოკატების შეფასებით, გია უდესიანი პოლიტპატიმარია და ჩანაწერში მირზა სუბელიანის ნათქვამმა ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა.

„ჩვენ ვიცოდით დადასტურებულად, რომ გიორგი უდესიანი იდევნებოდა პოლიტიკური მოტივაციით ხელისუფლების მხრიდან და გუშინდელმა ჩანაწერმა დააფიქსირა, რომ ხდებოდა მოწმეებზე ზეწოლა. საქმის ფალსიფიკაცია. მირზა საუბრობს, რომ ახდენდა მოწმეების „დაკაჩავებას“ და ჩვენებების მიღებას სხვადასხვა საქმეზე. ამ კონტექსტში საუბრობს ბესიკ ხარძიანის საქმეზეც. უდესიანის წინააღმდეგ შეკერილი მოწმეები ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლები არიან. სუბელიანის ჩანაწერით ცხადია, რომ ამ პირების ჩვენებები სუბელიანის და მისი ბანდის მიერ ფალსიფიკაციით მიღებული ინფორმაციაა“, – განაცხადა ადვოკატმა.

ზეწოლაზე გია უდესიანის ოჯახის წევრებიც საუბრობენ. ოჯახი მოითხოვს, ჩანაწერების გავრცელების შემდეგ, რომელშიც ბესიკ ხარძიანის საქმეცაა ნახსენები, გამოძიება სწრაფად წარიმართოს და უდესიანი გამართლდეს.

„საქმის ობიექტურად გამოძიება იქნება ერთადერთი, რაც აანაზღაურებს ტკივილს და შეურაცხყოფას, რაც ამ წლების მანძილზე განიცადა ჩვენმა ოჯახმა. არნახული ზეწოლა იყო ჩვენზე. სამსახურიდან გაათავისუფლეს ჩემი დები. ჩემზე იყო ზეწოლა. მაღალჩინოსნები არ მალავდნენ, რომ გიორგი უდესიანის გამო ვიდევნებოდით. მოხდეს ამ საქმის ობიექტურად გამოძიება და გამოვიდეს ფაქტები მზის სინათლეზე. ბესიკ ხარძიანის მკვლელი უნდა დაისაჯოს. უდანაშულობის პრეზუმფცია არავის მიმართ დარღვეულა ისე, როგორც უდესიანის“, – განაცხადა გია უდესიანის დამ, ნატო უდესიანმა.