სასამართლომ 35 წლის მამაკაცის მკვლელობისთვის დაკავებული პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა
რუსთავის საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა 35 წლის დავით მუმლაძისთვის უკანონოდ თავისუფლების აღკვეთასა და განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ზურაბ ჯღარკავას მიმართ აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა, რომელიც მას, 25 ოქტომბერს დაუსწრებლად შეუფარდეს.
ამასთან, პატიმრობის ვადის ათვლა 2 იანვრის 20:00 საათიდან განისაზღვრა.
პროკურორ გიორგი ლობჯანიძის განცხადებით, ზურაბ ჯღარკავა სამართალდამცავებმა 2 იანვარს წითელი ხიდის სასაზღვრო გამშვები პუნქტთან, მდინარის პირას დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულს თან ჰქონდა თანხა, კერძოდ, აზერბაიჯანული მანათი და სავარაუდოდ ქვეყნის დატოვებას აპირებდა.
პროცესზე ადვოკატმა იოსებ ხარატიშვილმა, ზურაბ ჯღარკავას 10 ათასი ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა. მისი განცხადებით, საქმეში არ არის არც ერთი მტკიცებულება, რომელიც ჯღარკავას ბრალდებას დაადასტურებდა. თუმცა მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ გაითვალისწინა.
1983 წელს დაბადებულ, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევ ზურაბ ჯღარკავას მიმართ გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ფაქტებზე, სსკ-ის 143-ე და 109-ე მუხლებით მიმდინარეობს.
მისი დაკავების შესახებ ინფორმაცია შსს-მ დღეს გაავრცელა.
35 წლის მამაკაცის ცხედარი გასული წლის 5 ოქტომბერს რუსთავში მტკვარმა გამორიყა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილს 30-მდე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. პოლიციამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ხუთი პირი, მათ შორის ორი მოქმედი და ერთი ყოფილი სამართალდამცველი დააკავა.