სასამართლო სხდომაზე, სადაც გიორგი რურუას საქმეს განიხილავენ, სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა
გიორგი რურუას სასამართლო სხდომაზე ხმაური იყო. სიტყვიერი დაპირისპირება ბრალდებულსა და პროკურორებს შორის მოხდა.
პროცესზე იკითხებოდა ექსპერტ-კრიმინალისტი, რომელმაც ექსპერტიზა ჩაუტარა გიორგი რურუას იმ ავტომობილს, საიდანაც ბრალდების მხარის ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს. გიორგი რურუა კითხვებს უსვამდა მოწმეს, რა დროსაც პროკურორებმა მას მიუთითეს, რომ კითხვები დაეკონკრეტებინა. სწორედ ამ დროს მოხდა შეკამათება გიორგი რურუასა და პროკურორებს შორის. მოსამართლემ გიორგი რურუას კორექტულობისკენ მოუწოდა.
„ერთ-ერთმა პროკურორმა, რომელიც აგრესიულად იყო განწყობილი, დაგვიწყო ყვირილი და ამას მოჰყვა სიტუაციის გამწვავება. მათ ავიწყდებათ, რომ სტატუსი ავალდებულებთ, ეთიკურად მოიქცნენ. მით უმეტეს, სადაც ჩადებულია იარაღი, იმ საქმეზე მათი მხრიდან აგრესიულობა უტიფრობაა. ეს იყო სიტუაციის გამწვავების მიზეზი. გინებას არ ჰქონდა ადგილი, იყო უბრალოდ ხმამაღალი საუბარი და განიმუხტა სიტუაცია“, – განაცხადა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
ამასთან, საქმის პროკურორ ვასილ სამხარაძის განცხადებით, ბრალდებული გიორგი რურუა მოწმეების დისკრედიტაციას ახდენს და ბრალდების მხარეს შეურაცხყოფას აყენებს.