სასამართლო რეფორმის საკითხებზე ეკა ბესელია საფრანგეთში შეხვედრებს გამართავს
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძესთან და იუსტიციის მინისტრის პირველ მოადგილე ალექსანდრე ბარამიძესთან ერთად, 15-16 მარტს, პარიზსა და ბორდოში სასამართლო რეფორმის საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრებს გამართავს.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დელეგაციის წევრები, რომლებიც საქართველოში 2017-2021 წლებისთვის სასამართლო რეფორმის ყოვლისმომცველი სტრატეგიის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით შექმნილი სპეციალური თანამშრომლობის ფორმატის მონაწილეები არიან, სხვადასხვა საკითხზე ფრანგი კოლეგების გამოცდილებას გაეცნობიან, მათ შორის – იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მსმენელთა ჩარიცხვის გაუმჯობესებული სისტემა, მოსამართლეთა დანიშვნის სისტემის დახვეწა; საუკეთესო პოტენციური კანდიდატების მოზიდვის პრაქტიკა; მსმენელთათვის ძირითადი განათლების სისტემის გაუმჯობესება და მოსამართლეთათვის და სასამართლოს მოხელეთა განგრძობადი განათლების სისტემის გაუმჯობესება.
შეხვედრები საფრანგეთის იუსტიციის სამინისტროსა და მართლმსაჯულების ეროვნულ სკოლაში, ევროკავშირი-საქართველოს პროგრამის (EU4Justice) – სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის მხარდაჭერით იმართება.
შეხვედრებში საქართველოდან სასამართლოს წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობენ.