ოპოზიციურმა პარტიებმა სასამართლო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით ერთობლივი მემორანდუმი გააფორმეს
ოპოზიციურმა პარტიებმა სასამართლო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით ერთობლივი მემორანდუმი გააფორმეს

ოპოზიციურმა პარტიებმა მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებით ერთობლივი მემორანდუმი გააფორმეს.

ოპოზიციის წარმომადგენლები იმ რეფორმებზე შეთანხმდნენ, რომლის გატარებასაც არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, სასამართლო სისტემაში გეგმავენ.

კონცეფცია „სასამართლო სისტემის რეფორმირების პირველი ათი ნაბიჯი“ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა შეიმუშავა.

დოკუმენტი პარლამენტის მიერ არსებული ხარვეზების აღმოფხვრის გეგმის შემუშავებას, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების წესის ცვლილებას, მოსამართლეთა რაოდენობის ზრდას, ნაფიცი მსაჯულთა როლისა და არბიტრაჟის როლის გაძლიერებას ითვალისწინებს.

„ეს არის უმნიშვნელოვანესი დღე, რადგან ხელს ვაწერთ მართლმსაჯულების რეფორმის გეგმას. რაც მთავარია, პოლიტიკური ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი უმნიშვნელოვანეს კულტურას აჩვენებენ. ვთანხმდებით, რომ არჩევნებში გამარჯვებისთანავე, დაუყოვნებლივ უნდა დავიწყოთ მართლმსაჯულების რეფორმა. ეს არის დოკუმენტი, რომელსაც არ სჭირდება საკონსტიტუციო ცვლილებები. ეს ნიშნავს ნიშნავს იმას, რომ შეგვიძლია, ეს ყველაფერი ერთ-ორ კვირაში გავაკეთოთ, როგორც კი პარლამენტში შევალთ და როგორც კი ჩამოვაყალიბებთ კოალიციურ მმართველობას. ძალიან მნიშვნელოვანია სამართლიანი სასამართლო, რომელიც უზრუნველყოფს თითოეული მოქალაქის უფლებებს“, – განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.