„სასამართლო მეგობრის“ ფუნქციის შესრულების ნაწილში ბიზნესომბუდსმენის უფლებამოსილება ფართოვდება
„სასამართლო მეგობრის“ ფუნქციის შესრულების ნაწილში ბიზნესომბუდსმენის უფლებამოსილება ფართოვდება. შესაბამისი ცვლილებები – „ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ავტორები იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გედევან ფოფხაძე არიან.
კანონპროექტის მიხედვით, ბიზნესომბუდსმენს საკონსტიტუციო სასამართლოს გარდა, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას „სასამართლოს მეგობრის“ (Amicus Curiae) ფუნქციის შესრულების უფლებამოსილება საერთო სასამართლოების სისტემაშიც ექნება.
ზემოთ აღნიშნულის გარდა, ცვლილებების გათვალისწინებით, კანონში არსებული ბლანკეტური ნორმა იცვლება და კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევების ნაცვლად, ბიზნესომბუდსმენს ადმინისტრაციული ორგანოდან ინფორმაციის გამოთხოვის/მიღების ზოგადი უფლება ენიჭება.
რაც შეეხება „სასამართლოს მეგობრის“ ინსტიტუტის ცნებას, კანონპროექტით განმარტებულია, რომ „სასამართლოს მეგობრის“ მიზანია, პირს ან პირთა ჯგუფს, შესაძლებლობა მისცეს, საკუთარი არგუმენტები იმ საქმეზე წარადგინონ, რომლებიც მათი ინტერესის სფეროში შედიან, მაგრამ ისინი მხარე არ არიან. თავის მხრივ, ბიზნესომბუდსმენი პირის მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას ახორციელებს.