სასამართლო გლდანში არასრულწლოვნის დაჭრის ფაქტზე დაკავებული მამაკაცის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არასრულწლოვნის დაჭრის ფაქტზე დაკავებული მამაკაცის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ.
სხდომას ბრალდებულიც ესწრება.
სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. სხდომის დახურვის შუამდგომლობა ბრალდების მხარემ დააყენა, რადგან საქმე არასრულწლოვანს ეხება. შუამდგომლობას დაეთანხმა დაცვის მხარეც. რის შემდეგაც მოსამართლე ეკატერინე კულულაშვილმა ადგილზე თათბირით სხდომა დახურა.
შეგახსენებთ, 15 წლის მოზარდი, ორი დღის წინ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მამაკაცმა დაჭრა. მამაკაცი სამართალდამცავებმა ადგილზევე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/109 მუხლით დაიწყო, რაც არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.