სარაევოს კინოფესტივალზე, დოკუმენტური ფილმების კონკურსში რჩეულ ფილმებს შორის მარიამ გულბიანის ფილმი მოხვდა
სარაევოს კინოფესტივალზე, დოკუმენტური ფილმების კონკურსში რჩეულ ფილმებს შორის მარიამ გულბიანის ფილმი მოხვდა

სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალმა დოკუმენტური ფილმების საკონკურსო პროგრამა გაასაჯაროა. რჩეულ ფილმებს შორის მოხვდა მარიამ გულბიანის ფილმი „სანამ მამა დაბრუნდება”. ინფორმაციას ამის შესახებ კინო ცენტრი ავრცელებს. მარიამ გულბიანის სურათი საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერითაა შექმნილი.

ფილმი ორი გოგონას ისტორიას მოგვითხრობს. მოქმედების დიდი ნაწილი პანკისის ხეობაში ვითარდება.

მთავარი გმირები იიმან და ევა მეგობრები არიან და პანკისის ხეობის სოფელ ყვარელწყალში ცხოვრობენ. იიმანი 13 წლის არის, ევა – 12-ის. ქისტი გოგონების მამები ერთი წლის წინ საზღვარგარეთ გაემგზავრნენ. მას შემდეგ გოგონებს იშვიათად უკავშირდებიან. გოგონებისთვის ერთადერთი თავისუფალი სივრცე კინო გაკვეთილებია, რომელიც პროექტ „კინო სკოლაში“ ფარგლებში მიმდინარეობს.

„კინო სკოლაში“ ეროვნული კინოცენტრის პროექტია, რომელიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სკოლის მოსწავლეთათვის კინო ჩვენებებისა და დისკუსიების მოწყობას ითვალისწინებს. ფილმის რეჟისორი მარიამ გულბიანიც ერთ-ერთი კინომისიონერია, რომელიც აქტიურად არის პროექტში ჩართული და პანკისის ხეობაში ახალი თაობის კინოგანათლებაზე ზრუნავს.