საქსტატი - 2024 წლის იანვარში სისხლის სამართლებრივი დევნა 1 537 პირის მიმართ დაიწყო
საქსტატი - 2024 წლის იანვარში სისხლის სამართლებრივი დევნა 1 537 პირის მიმართ დაიწყო

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის იანვარში სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 1 537 პირის მიმართ. აქედან გამოსაცდელი ვადის გასვლამდე დანაშაული ჩადენილია 117 პირის მიერ, რაც დევნადაწყებული პირების 7,6 პროცენტს შეადგენს.

საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის იანვარში დევნის დაწყების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 535 შემთხვევა თბილისში ფიქსირდება, აჭარაში – 231, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონებში – შვიდი შემთხვევა.

2024 წლის იანვრის თვეში დევნის დაწყების მაჩვენებელი სსკ-ის კონკრეტული მუხლების მიხედვით ასე გადანაწილდა: ქურდობა – 294 შემთხვევა; მუქარა – 208 შემთხვევა; ოჯახური ძალადობა – 187 შემთხვევა; ძალადობა – 125 შემთხვევა; გაუპატიურება – ხუთი შემთხვევა; გარყვნილი ქმედება – რვა შემთხვევა; თაღლითობა – 34 შემთხვევა; ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება – 209 შემთხვევა; ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება – ექვსი შემთხვევა; ყალბი დოკუმენტების დამზადება – 94 შემთხვევა.

ამასთან, საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის იანვარში დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით – ექვსი შემთხვევა, ხოლო მკვლელობის მცდელობის მუხლით ოთხი შემთხვევა გამოვლინდა.