საქსტატი - 2023 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოში რძის წარმოება გაიზარდა, ხორცის კი შემცირდა
საქსტატი - 2023 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოში რძის წარმოება გაიზარდა, ხორცის კი შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობამ 837.6 ათასი სული შეადგინა, რაც წინა წლის მონაცემზე 1.9 პროცენტით ნაკლებია.

აქედან ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 413.0 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 4.3 პროცენტით ჩამორჩება.

ღორის რაოდენობამ 131.5 ათასი სული შეადგინა, რაც 12.5 პროცენტით ჩამორჩება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. ფრინველის რაოდენობამ 9.5 მლნ. ფრთა შეადგინა, რაც 5.6 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

საქსტატის ცნობით, 2023 წლის მეოთხე კვარტალში რძის წარმოებამ 102.8 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 6.8 პროცენტით მეტია. 2023 წლის რძის წარმოების წლიური მაჩვენებელი 585.4 მილიონი ლიტრით განისაზღვრა, რაც 3.6 პროცენტით აღემატება 2022 წლის შედეგს. იმავე პერიოდში ხორცის წარმოებამ 23.3 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2022 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 3.3 პროცენტით ნაკლებია.

2023 წელს ხორცის წლიურმა წარმოებამ 76.9 ათასი ტონა შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 3.1 პროცენტით აღემატება. ამასთან, საქსტატის ცნობით, 2023 წლის მეოთხე კვარტალში კვერცხის წარმოება 157.9 მილიონი ცალი იყო, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 0.6 პროცენტით ნაკლებია. 2023 წელს კვერცხის წლიურმა წარმოებამ 637.8 მილიონი ცალი და 2022 წელთან შედარებით 2.6 პროცენტით ნაკლები შეადგინა.