საქსტატი - 2021 წლის პირველ კვარტალში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ადგილობრივ ვიზიტორთა რაოდენობა 23.4 პროცენტით გაიზარდა
საქსტატი - 2021 წლის პირველ კვარტალში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ადგილობრივ ვიზიტორთა რაოდენობა 23.4 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლისა და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 094.4 ათასით განისაზღვრა, რომლებმაც ქვეყნის ტერიტორიაზე განახორციელეს 1 234.6 ათასი ვიზიტი.

მათივე ცნობით, აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების რაოდენობა 23.4 პროცენტით მეტია 2020 წლის პირველი კვარტალის შესაბამის მონაცემზე.

ამასთან, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 554.0 ათასით განისაზღვრა, რაც 28.8 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. 2021 წლის პირველ კვარტალში ვიზიტორების 39.0 პროცენტი მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას.

ამასთან, ქალების რაოდენობა მთლიანი ვიზიტორების 50.9 პროცენტს შეადგენდა.

საქსტატის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ვიზიტორების 42.7 პროცენტი თბილისის მაცხოვრებელია, 12.3 პროცენტი მოდის ქვემო ქართლის რეგიონზე, 10.9 პროცენტი – იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, ხოლო დანარჩენი რეგიონები სტრუქტურაში შედარებით დაბალი წილით არის წარმოდგენილი.

რაც შეეხება ვიზიტების მიზნობრიობას, როგორც სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში აცხადებენ, უმრავლესობა, ანუ 47.1 პროცენტი განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით. ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა თბილისში (საშუალოდ 262.0 ათასი ვიზიტი თვეში) და იმერეთის რეგიონში (საშუალოდ 210.0 ათასი ვიზიტი თვეში).

საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის პირველ კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა განისაზღვრა 184.2 მილიონი ლარით. აღნიშნული მაჩვენებელი 44.9 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. ამასთან, ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი გაზრდილია 22.0 პროცენტით და 149.2 ლარს უტოლდება.

დატოვე კომენტარი