საქსტატი - 2021 წელს საშუალო თვიური შემოსავლების მოცულობა ერთ ოჯახზე 11.0 პროცენტით, ხოლო ერთ სულზე 13.5 პროცენტით გაიზარდა
საქსტატი - 2021 წელს საშუალო თვიური შემოსავლების მოცულობა ერთ ოჯახზე 11.0 პროცენტით, ხოლო ერთ სულზე 13.5 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 2021 წელს საქართველოს მოსახლეობის საშუალო თვიური შემოსავლების მოცულობამ 1 360.2 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 13.9 პროცენტით მეტია.

უწყების 2021 წლის მონაცემებით, საშუალო თვიური შემოსავლების მოცულობა ერთ შინამეურნეობაზე 11.0 პროცენტით გაიზარდა და 1 221.8 ლარი შეადგინა, ხოლო ერთ სულზე 13.5 პროცენტით გაიზარდა და 364.8 ლარს გაუტოლდა.

ამასთან, საქსტატის ცნობით, ქვეყნის მოსახლეობის ჯამური საშუალო თვიური შემოსავლების მოცულობა ქალაქის ტიპის დასახლებებში 12.7 პროცენტით გაიზარდა და 842.6 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 15.8 პროცენტით გაიზარდა და 517.6 მილიონი ლარი შეადგინა.

2021 წელს ფულადი შემოსავლებისა და ტრანსფერტების სტრუქტურაში კვლავ მნიშვნელოვანი წილი უჭირავს დაქირავებული შრომიდან მიღებულ შემოსავლებს, რომლის წილი გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 1.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 45.9 პროცენტი შეადგინა. ასევე 0.8 პროცენტული პუნქტითაა გაზრდილი თვითდასაქმებიდან მიღებული შემოსავლების წილი და 10.2 პროცენტს უტოლდება. ამასთან, პენსიებიდან, სტიპენდიებიდან და სოციალური დახმარებებიდან მიღებული შემოსავლების წილი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 0.8 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 22.6 პროცენტი შეადგინა.

საქსტატის ანგარიშის თანახმად, 2021 წელს საქართველოს მოსახლეობის საშუალო თვიურმა ხარჯებმა 1 289.5 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 14.4 პროცენტით მეტია. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა ერთ შინამეურნეობაზე 11.5 პროცენტით გაიზარდა და 1 158.3 ლარი შეადგინა, ხოლო ერთ სულზე 14.0 პროცენტით გაიზარდა და 345.9 ლარს გაუტოლდა.

უწყების ინფორმაციით, ქვეყნის მოსახლეობის ჯამური ხარჯების მოცულობა ქალაქის ტიპის დასახლებებში 11.7 პროცენტით გაიზარდა და 798.3 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 19.0 პროცენტით გაიზარდა და 491.2 მილიონი ლარი შეადგინა.

2021 წლის მონაცემებით, სამომხმარებლო ფულადი ხარჯების სტრუქტურაში კვლავ ყველაზე დიდი წილი სურსათზე, სასმელზე და თამბაქოზე გაწეულ ხარჯებს უჭირავს და 43.7 პროცენტს შეადგენს.