საქსტატი - 2020 წელს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება დაამთავრა 23.5 ათასმა სტუდენტმა, რაც წინა წელთან შედარებით 5.1 პროცენტით ნაკლებია
საქსტატი - 2020 წელს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება დაამთავრა 23.5 ათასმა სტუდენტმა, რაც წინა წელთან შედარებით 5.1 პროცენტით ნაკლებია

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020-2021 სასწავლო წლის დასაწყისისთვის საქართველოში 64 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ფუნქციონირებდა, აქედან 19 სახელმწიფო და 45 კერძო.

მათივე ცნობით, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, დაწესებულებათა რაოდენობა ორი ერთეულით გაიზარდა. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების 60.9 პროცენტი თბილისშია.

ამასთან, უწყების მონაცემებით, 2020-2021 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულია 46.7 ათასი სტუდენტი, აქედან სახელმწიფო უნივერსიტეტებში 29.3 ათასი, ხოლო კერძო უნივერსიტეტებში – 17.4 ათასი. სტუდენტთა მიღება, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, გაიზარდა 3.4 ათასით. ზრდა ძირითადად კერძო უნივერსიტეტებზე მოდის.

საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტთა რიცხოვნობამ 157.3 ათასი შეადგინა, რაც წინა სასწავლო წელთან შედარებით 5.7 პროცენტით მეტია. სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლობს სტუდენტთა საერთო რიცხოვნობის 63.9 პროცენტი, ხოლო კერძოში – 36.1 პროცენტი. სტუდენტთა საერთო რიცხოვნობიდან 50.9 პროცენტი ქალია, ხოლო 49.1 პროცენტი – კაცი.

2020 წელს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება დაამთავრა 23.5 ათასმა სტუდენტმა, რაც წინა წელთან შედარებით 5.1 პროცენტით ნაკლებია. კურსდამთავრებულებიდან 57.4 პროცენტი არის ქალი, ხოლო 42.6 პროცენტი – კაცი. სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში კურსდამთავრებულთა რიცხოვნობა 2.2-ჯერ აღემატება კერძო უნივერსიტეტების კურსდამთავრებულების რიცხოვნობას.

ამასთან, 2020-2021 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საზღვარგარეთ სასწავლებლად გაიგზავნა 289 სტუდენტი, რაც 367 სტუდენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან გაგზავნილი სტუდენტების რიცხოვნობა 1.7-ჯერ აღემატება კერძო უნივერსიტეტებიდან გაგზავნილ სტუდენტთა რიცხოვნობას. უცხოელ სტუდენტთა რიცხოვნობამ, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, 14.6 ათასი შეადგინა, რაც 9.7 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.

საქსტატის ინფორმაციით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულია 9.8 ათასი პროფესორ-მასწავლებელი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 1.0 პროცენტით ნაკლებია. პროფესორ-მასწავლებელთა 55.3პროცენტი არის ქალი, ხოლო 44.7 პროცენტი – კაცი. მათი უდიდესი ნაწილი, 39.2 პროცენტი არის ასოცირებული პროფესორი.

დატოვე კომენტარი