საქსტატი - 2019 წლის მეოთხე კვარტალში უცხოეთში 344,000 ქართველი ტურისტი იმყოფებოდა
საქსტატი - 2019 წლის მეოთხე კვარტალში უცხოეთში 344,000 ქართველი ტურისტი იმყოფებოდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან საზღვარგარეთ საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 890.5 ათასი გასვლა დაფიქსირდა. გასვლის უდიდესი ნაწილი, 45.3 პროცენტი, 31-50 წლის მოგზაურების მიერ განხორციელდა.

საქსტატის ცნობით, 2019 წლის მეოთხე კვარტალში უცხოეთში საქართველოს 628,000 რეზიდენტი იმყოფებოდა. საქსტატის ცნობით, ამ პირებიდან 344,000 ვიზიტორმა უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე ერთ ღამეზე მეტი გაათენა, ანუ ისინი, ოფიციალური მეთოდოლოგიით ტურისტებად ითვლებიან, 284,000 ვიზიტორი კი, ერთ დღეზე ნაკლები ხნის განმავლობაში იმყოფებოდა. შესაბამისად, ეს ვიზიტები ექსკურსიულ ვიზიტებად ითვლება.

ამასთან, საქსტატის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეთა უცხოეთში ვიზიტების მთავარ მიზანს მეგობრებისა და ნათესავების მონახულება წარმოადგენდა.

2019 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტები, მიზნების მიხედვით ასე ნაწილდება: მეგობრების/ნათესავების მონახულება – 223,500 ვიზიტორი; საყიდლები – 199,800 ვიზიტორი; პროფესიული/ეკონომიკური საქმიანობა – 111,900 ვიზიტორი; დასვენება, გართობა, რეკრეაცია – 68,100 ვიზიტორი; მკურნალობა, გაჯანსაღება – 13,900 ვიზიტორი; სხვა მიზნები – 11,400 ვიზიტორი.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთსა (263.2 ათასი ვიზიტი) და აზერბაიჯანში (111.7 ათასი ვიზიტი). ქვეყნების მიხედვით, ვიზიტების პროცენტული განაწილება ასეთია: თურქეთი – ვიზიტების 39.3%; აზერბაიჯანი – 16.7%; ევროკავშირი ჯამურად – 15.2%;
სომხეთი – 12%; რუსეთის ფედერაცია – 8.7%; უკრაინა – 1.1%; სხვა – 7%.

2019 წლის მეოთხე კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეულმა ხარჯებმა 505.4 მილიონი ლარი შეადგინა, ვიზიტზე საშუალო ხარჯი კი 804 ლარს გაუტოლდა.

დატოვე კომენტარი