საქპატენტი - საკუთრების დაცვის საერთაშორისო ინდექსის მიხედვით, საქართველო ექვსი ნიშნულით დაწინაურდა და მსოფლიო რეიტინგში 72 საფეხურიდან 66 ადგილზე გადაინაცვლა
საქპატენტი - საკუთრების დაცვის საერთაშორისო ინდექსის მიხედვით, საქართველო ექვსი ნიშნულით დაწინაურდა და მსოფლიო რეიტინგში 72 საფეხურიდან 66 ადგილზე გადაინაცვლა

ამერიკული ორგანიზაციის, „საკუთრების უფლებების ალიანსის“ (Property Rights Alliance) საკუთრების დაცვის საერთაშორისო ინდექსის მიხედვით, საქართველო ექვსი ნიშნულით დაწინაურდა და მსოფლიო რეიტინგში 72 საფეხურიდან 66 ადგილზე გადაინაცვლა, ხოლო ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მე-15-ე ადგილზეა.

საქპატენტის ცნობით, საკუთრების უფლებების ალიანსის მიერ გამოქვეყნებული ინდექსი, რომელიც ერთადერთია მსოფლიოში და მთლიანად ეძღვნება ინტელექტუალური თუ ფიზიკური საკუთრების უფლებების გაზომვას, 125 ქვეყნის რეიტინგის კვლევის მონაცემებს ეყრდნობა.

საკუთრების დაცვის საერთაშორისო ინდექსი სამი ძირითადი კომპონენტით განისაზღვრება: ქვეყნის სამართლებრივი და პოლიტიკური გარემო, ფიზიკური საკუთრების დაცვა და ინტელექტუალური საკუთრების დაცვა.

საქართველოს რეიტინგის გაუმჯობესება მნიშვნელოვნად განაპირობა ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ქვეინდექსის ქულების ზრდამ. 10-ქულიან სისტემაში საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების მთლიანი ინდექსი 1.039 ქულით გაიზარდა და, 3, 876 ნაცვლად, 4.915 ქულა გახდა. ცალკეულ ქვეინდექსებში პატენტის დაცვა განისაზღვრა 5.017 ქულით, სასაქონლო ნიშნის დაცვა – 5.082 ქულით.

ქვეყნების შესახებ მოპოვებული ინფორმაციის წყარო სხვადასხვა ინდექსია, მათ შორის გლობალური კონკურენტუნარიანობის/ინოვაციების ინდექსი, ბიზნესის კეთების ინდექსი, ასევე მსოფლიო ბანკის მონაცემები და ანგარიშები.

საქართველო 2023 წლის გლობალური ინოვაციის ინდექსის რეიტინგშიც დაწინაურდა, რომელიც ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციამ (WIPO) გამოაქვეყნა. შარშანდელთან შედარებით, საქართველომ ცხრა პოზიციით გაიუმჯობესა მაჩვენებელი და 132 ქვეყანას შორის 65-ე ადგილზე გადაინაცვლა.

ინფორმაციას საქპატენტის პრესსამსახური ავრცელებს.