„საქნახშირის“ წარმოებისა და მინდელის შახტის დირექტორები თანამდებობებს ტოვებენ
„საქნახშირის“ წარმოების დირექტორი გია ქარქაშაძე, მინდელის შახტის დირექტორი აკაკი ახვლედიანი და მთავარი ინჟინერი გიზო კირკიტაძე თანამდებობებს ტოვებენ, – ამის შესახებ ადგილიდან პირველი არხის ჟურნალისტი იტყობინება.
„საქნახშირის“ გენერალური დირექტორი ჯამბულ ჯაყელი აცხადებს, რომ თანამდებობას მას შემდეგ დატოვებს, რაც კომპანიაში ტექნიკური სამუშაოები და კვლევა დასრულდება.
შეგახსენებთ, ტყიბულში მეშახტეები „საქნახშირის“ ადმინისტრაციის შეცვლას მოითხოვდნენ.
როგორც „საქნახშირის“ პირველადი პროფესიული კავშირის თავმჯდომარემ გაგა ისაკაძემ პირველ არხს განუცხადა, ისინი პრემიერ-მინისტრისგან ითხოვენ ოფიციალურ დოკუმენტს, რომელიც კომპენსაციებს ეხებოდა. ისაკაძე აცხადებს, რომ გამოძიების დასრულების შემდეგ შახტებში ახალი ტექნოლოგიები უნდა დაინერგოს.
მინდელის შახტში მომხდარ შემთხვევას 16 ივლისს ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია ექვსი ადამიანი. როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა.
ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.