საქნახშირი - ტყიბულის შახტაში სავარაუდოდ მოხდა სამთო დარტყმა, გვირაბის გვერდითი ქანების ჩამოშლა, რომელსაც ახლავს ჰაერის დარტყმითი ტალღის გავრცელება
საქნახშირი - ტყიბულის შახტაში სავარაუდოდ მოხდა სამთო დარტყმა, გვირაბის გვერდითი ქანების ჩამოშლა, რომელსაც ახლავს ჰაერის დარტყმითი ტალღის გავრცელება

კომპანია “საქნახშირი” ტყიბულში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც “საქნახშირის” განცხადებაშია აღნიშნული, მინდელის შახტაში სავარაუდოდ მოხდა სამთო დარტყმა და გვირაბის გვერდით ქანების ჩამოშლა.

„2018 წლის 5 აპრილს დახლოებით 03:50 საათზე დასავლეთ მე-10 ველში, პირველ ნახშირმომპოვებელ უბანში +300 ჰორიზონტზე, სავარაუდოდ, მოხდა სამთო დარტყმა – გვირაბის გვერდითი ქანების ჩამოშლა, რომელსაც ახლავს ჰაერის დარტყმითი ტალღის გავრცელება. წინასწარი შეფასებით, წარმოქმნილი ჰაერის დარტყმითი ტალღა ამავე უბნის კაპიტალურ გვირაბებში გავრცელდა, რის შედეგადაც, სამწუხაროდ, ტრავმული დაზიანება მიიღო სამმა თანამშრომელმა, ხოლო ექვსი თანამშრომელი ადგილზე გარდაიცვალა”, – აღნიშნულია კომპანიის ინფორმაციაში.

კომპანია „საქნახშირი“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, სამძიმარსა და თანადგომას უცხადებს უბედური შემთხვევის გამო დაღუპული მეშახტეების ოჯახებს.

როგორც “საქნახშირის” განცხადებაშია აღნიშნული, დაშავებული მეშახტეებიდან ორი ამჟამად გადაყვანილია ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში, ხოლო მესამე მეშახტე იმყოფება ტყიბულის საავადმყოფოში.

მათივე ინფორმაციით, დაშავებულებს უტარდებათ ყველა აუცილებელი სამედიცინო გამოკვლევა.

„შექმნილია მოკვლევის ჯგუფი, მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები, რომელიც დაადგენს ამ ტრაგიკული შემთხვევის გამომწვევ მიზეზებს. თავის მხრივ, ,,საქნახშირი“ სრულ მზად ყოფნას გამოთქვამს ითანამშრომლოს გამოძიებასთან და ხელი შეუწყოს პროცესის გამჭვირვალედ წარმართვას. კიდევ ერთხელ, გულწრფელად გამოვხატავთ თანაგრძნობას ამ მძიმე ადამიანური ტრაგედიის გამო”, – აღნიშნულია “სანქახშირის” განცხადებაში.

კომპანია “საქნახშირის” კუთვნილ მინდელის შახტაში დღეს ექვსი ადამიანი დაღუპა.