საქართველოში აკვაკულტურის განხორციელების უფლება პირს 20 წლის ვადით მიენიჭება
საქართველოში აკვაკულტურის განხორციელების უფლება პირს 20 წლის ვადით მიენიჭება

საქართველოში აკვაკულტურის განხორციელების უფლება პირს 20 წლის ვადით მიენიჭება. აღნიშნული გათვალისწინებულია „აკვაკულტურის შესახებ“ კანონპროექტით, რომლის ინიცირება 3 თებერვლის ბიუროს სხდომაზე მოხდება.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ცვლილებებით განისაზღვრება წყლის ორგანიზმების, თევზის, მოლუსკების, კიბოსნაირების და წყლის მცენარეების მოშენება-კულტივირება, გამოზრდა და გამრავლება. ცვლილებებით განისაზღვრება, რომ აკვაკულტურის ნებართვა გაიცემა გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ.

კანონპროექტის ავტორების განმარტებით, საყოველთაოდ აღიარებულია, რომ აკვაკულტურის მეურნეობა მომგებიანი 4-7 წლის შემდეგ ხდება შესაბამისად, ეს ვადა საჭიროა, რათა პოტენციური ინვესტორებისთვის მიმზიდველი იყოს მისი განხორციელება.

„ამ ვადის გასვლის შემდგომ, აკვაკულტურის საქმიანობის გაგრძელების სურვილის შემთხვევაში, პირი ვალდებული იქნება, მოითხოვოს ნებართვის ვადის გაგრძელება ან ხელახლა გაიაროს აკვაკულტურის განხორციელების უფლების მიღების მიზნით განსაზღვრული პროცედურები. აღნიშნული ჩანაწერის მიზანია, თავიდან იქნეს აცილებული აკვაკულტურის განმახორციელებლი პირის მიერ საქმიანობის თვითნებური გაგრძელება და შესაბამის კომპეტენტურ ორგანოს ჰქონდეს შესაძლებლობა, გაგრძელებასთან დაკავშირებული უარყოფითი პოზიციის შემთხვევაში, ობიექტური გარემოებების არსებობისას, თუ პირის საქმიანობა ზიანს აყენებს გარემოს, სახელმწიფო და საზოგადოებრივ ინტერესებს, არ მისცეს პირს აკვაკულტურის განხორციელების გაგრძელების შესაძლებლობა“, – აღნიშნულია პროექტში.

ინიციატივაში ნათქვამია, რომ საზღვაო წყლებში აკვაკულტურის საქმიანობა განხორციელდება და აკვაკულტურის ნებართვა გაიცემა ამისათვის გამოყოფილ სპეციალურ ზონებში, რომლის საზღვრებს მთავრობა დაადგენს.

ზემოთ აღნიშნულის გარდა ცვლილებებით, აკვაკულტურის მიზნებისთვის უცხო სახეობის წყლის ორგანიზმების შემოყვანაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში არსებულ უფლებამოსილ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებასთან, მინისტრის ბრძანებით აკვაკულტურის მრჩეველთა კომიტეტი შეიქმნება, რომელიც უზრუნველყოფს: დასკვნის შემუშავებას უცხო სახეობის შემოყვანასა და მის წარდგენას გარემოს ეროვნული სააგენტოსათვის; ასევე უცხო სახეობის შემოყვანის რისკების ანალიზისა და გარემოსდაცვითი რისკების შეფასებას.

„ბოლო წლებში, საქართველოში ყოველწლიურად ხორციელდება დაახლოებით 17 000-22 000 ტონა თევზის (გაყინული, გაცივებული, გამხმარი, დამარილებული, შებოლილი, პრესერვი, პასტერიზირებული კონსერვი) იმპორტი, რისი პოტენციური ჩანაცვლება თავისუფლად შეუძლია ადგილობრივ აკვაკულტურას; ამასთან, ყოველწლიურად იზრდება საერთაშორისო ტურისტებისა და ვიზიტორების რაოდენობა. თევზისა და
აკვაკულტურის სფეროს გასავითარებლად საჭიროა შესაბამისი სამართლებრივი ბაზის შექმნა. აუცილებელია, შეიქმნას ისეთი სამართლებრივი ნორმები, რომელიც უზრუნველყოფს, რომ საბაზისო კანონმდებლობამ დაარეგულიროს აკვაკულტურის მართვის ძირითადი კომპონენტები, რომლებიც ინვესტორებს მისცემს საქმიანობის გარანტიებს, უზრუნველყოფს მათ ქონებრივ უფლებებს, გაუმარტივებს სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობებს“, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

კანონპროექტის ძალაში შესვლა 2021 წლის პირველი იანვრიდან იგეგმება. ცვლილებების ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები არიან: ნინო წილოსანი, კახაბერ კუჭავა, სულხან მახათაძე, ოთარ დანელია, ენძელა მაჭავარიანი, გიორგი გაჩეჩილაძე, კობა ლურსმანაშვილი, პაატა გოგოხია და დამოუკიდებელი დეპუტატი ზაზა ხუციშვილი.