საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებული საარჩევნო კამპანია ოფიციალურად ხვალიდან იწყება.
საარჩევნო კანონმდებლობის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია) ოფიციალურად კენჭისყრის დღემდე 60 დღით ადრე იწყება.
საარჩევნო კამპანიის პერიოდში, არჩევნების დღის ჩათვლით, აკრძალულია ისეთი პროექტების/პროგრამების განხორციელება, რომლებიც მანამდე არ იყო გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში, გარდა საარჩევნო კოდექსის 49-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა.
გარდა ამისა, 29 აგვისტოდან 28 ოქტომბრამდე აკრძალულია სოციალური გასაცემლების: პენსია, სოციალური დახმარება, შემწეობა და სხვ, ოდენობების ზრდა, გარდა საარჩევნო კოდექსის 49-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა.
ამ პერიოდში საჯარო მოხელეებს ეკრძალებათ აგიტაცია და საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა სამუშაო საათებში. ასევე, იკრძალება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება.
უკვე 30 აგვისტოდან, საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების მიზნით, საოლქო საარჩევნო კომისიები გამოაცხადებენ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევ კონკურსს.
საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში 28 ოქტომბერს ჩატარდება.