გუშინ საქართველოში ვერტმფრენის დაზიანების შედეგად ბრიტანელი მწერალი დაშავდა [ვიდეო]

გუშინ საქართველოში ვერტმფრენის ავარიის შედეგად ბრიტანელი მწერალი მსუბუქად დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას Daily Mail-ი ავრცელებს.

59 წლის ტიმ სპექტორი და მისი 57 წლის მეუღლე ვერონიკა ბატალი ერთ-ერთ მწვერვალზე თხილამურებზე სასრიალოდ მიემგზავრებოდნენ, რა დროსაც, ვერტმფრენს ტექნიკური პრობლემები შეექმნა. შედეგად, საფრენი აპარატი დაშვებისას გადატრიალდა და ცეცხლი გაუჩნდა. წყვილი ინციდენტს გადაურჩა. მათთან ერთად იმყოფებოდა კიდევ ორი მგზავრი, გიდი და მფრინავი. ისინი მთიდან კერძო კომპანიის წარმომადგენლებმა ჩამოიყვანეს.

როგორც ბრიტანელი მწერალი ყვება, დაშვებისას ვერტმფრენი გადატრიალდა და მგზავრების გამოყვანას რამდენიმე წუთი დასჭირდა. მოგვიანებით, ვერტმფრენს ცეცხლი გაუჩნდა. მგზავრებმა დაახლოებით 45 წუთი ფეხით იარეს, რის შემდეგაც, ტელეფონით კომპანიას დაუკავშირდნენ და მათ წასაყვანად სხვა ვერტმფრენი გაგზავნეს.

როგორც ტიმ სპექტორი ამბობს, მომხდარი ფილმის სცენას გავდა. მისი თქმით, არც ის და არც სხვა მგზავრები სერიოზულად არ დაშავებულან.

გავრცელებული ცნობით, ბრიტანელი ტურისტებმა ვერტმფრენი კომპანია 300 ევროდ იქირავეს. როგორც ბრიტანული გამოცემა წერს, ტიმ სპექტორი საქართველოში ახალ წიგნზე სამუშაოდ ჩავიდა და გუდაურში ისვენებდა.

სტეფანწმინდის რაიონში ვერტმფრენის დაზიანების შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ავიაკომპანია „ავიასერვისის“ ვერტმფრენი AS 350, რომელიც ასრულებდა ფრენებს სტეფანწმინდის რაიონის ართმხოს ხეობაში, 2700 მეტრ სიმაღლეზე დაფრენისას დაუდგენელი მიზეზების გამო დაზიანდა.