საქართველოში უნგრეთის ელჩი - იუსტიციის მინისტრთან შეხვედრაზე მივიღეთ გარანტია, რომ საქართველო ზრუნავს ყველა პატიმარზე, მათ შორის სააკაშვილზე
საქართველოში უნგრეთის ელჩის, ანა მარია შიკოს განცხადებით, იუსტიციის მინისტრთან, რატი ბრეგაძესთან შეხვედრაზე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა მიიღეს გარანტია, რომ საქართველო ზრუნავს ყველა პატიმარზე, მათ შორის სააკაშვილზე.
მისივე თქმით, შეხვედრა საინტერესო იყო და ნაყოფიერი დისკუსია შედგა.
„ის იყო ღია და გულწრფელი. საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ იყო სტრასბურგის გადაწყვეტილება. ჩვენ არ ვართ იურისტები, არც ექიმები და ჩვენ ვიცით, რომ ეს საქმე ასევე არის პოლიტიკური. პოლტიკაზე კი კომენტარს ვერ გავაკეთებთ. პოლიტიკური საკითხები თქვენი და ქართველი ხალხის გადასაწყვეტია. ჩვენ გვსურს, მივიღოთ გარანტია, რომ საქართველო ზრუნავს ყველა პატიმარზე. არ აქვს მნიშვნელობა, ეს პატიმარი წარსულში პოლიტიკოსი იყო თუ სხვა რამ, მას უნდა მოეპყრონ სამართლიანად. ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალ გზაზე უნდა არსებობდეს კანონის უზენაესობა, ის უნდა იყოს სამართლიანი და ყველასთვის თანაბარი. ჩვენ მივიღეთ გარანტია, რომ საქართველო ზრუნავს ყველა პატიმარზე, მათ შორის სააკაშვილზე“, – განაცხადა საქართევლოში უნგრეთის ელჩმა.
ანა მარია შიკოს განცახდებით, შეხვედრაზე ელჩები დაარწმუნეს, რომ სააკაშვილისთვის სათანადო სამედიცინო დახმარება იქნება გაწეული.
„მკურნალობას რაც შეეხება, ნებისმიერ სამედიცინო ჯგუფს, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სააკაშვილის მკურნალობას, როგორც გვითხრეს, აქვთ უფლება, მოინახულონ იგი. თუ ისინი მოითხოვენ რაიმე სხვას, სათანადო სამედიცინო დახმარება იქნება გაწეული. დღეს ამაში დაგვარწმუნეს და დაგვპირდნენ. ჩვენთვის მისაღებია ეს სიტყვები“, – განაცხადა ანა მარია შიკომ.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ევროკავშირის წევრი ქვეყნების სახელით იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძისთვის გადაცემულ დემარშს, კითხვის საპასუხოდ ანა მარია შიკომ აღნიშნა:
„ყველამ არ მოაწერა ხელი ამ დემარშს. ცხადია, ეს იყო მოსაზრება. დემარში იყო წუხილის გამოხატვა და განმარტების მიღებისკენ მიმართული. ჩემი აზრით, დღევანდელი შეხვედრა დაგვეხმარა ამ საკითხში სიცხადის შეტანაში. ასევე, სტრასბურგის და საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილება აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. ჩვენ თუ უარვყოფთ სასამართლოს წესებს, მაშინ სად გავჩერდებით? ჩვენ, ყველა, ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია. ჩვენ გვაქვს კითხვები. დემარში ჟღერს სასაცილოდ. დემარში ნიშნავს – მე მაქვს კითხვა, გთხოვთ, გვიპასუხეთ და, ჩემი აზრით, დღეს ბევრი პასუხი მივიღეთ“, – განაცხადა ანა მარია შიკომ.
იუსტიციის სამინისტროში საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები რატი ბრეგაძეს შეხვდნენ. შეხვედრაზე, რომელიც იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით გაიმართა, დიპლომატები მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გაეცნენ.