გიორგი ამილახვარმა უნგრეთის ელჩთან განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა
გიორგი ამილახვარმა უნგრეთის ელჩთან განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა უნგრეთის ელჩს, ანა მარია შიკოს უმასპინძლა და მასთან განათლების ყველა საფეხურზე მიმდინარე პროექტები და სამომავლო გეგმები განიხილა.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა უნგრეთის ელჩს მრავალწლიანი პარტნიორობისთვის და აღნიშნა, რომ უნგრეთის მთავრობასთან თანამშრომლობით საქართველოში არაერთი მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო პროგრამა ხორციელდება.

გიორგი ამილახვარის თქმით, საქართველოსა და უნგრეთს შორის წარმატებული პარტნიორობის მაგალითს წარმოადგენს გაცვლითი სასტიპენდიო პროგრამა – Stipendium Hungaricum, რომელიც ქართველ და უნგრელ ახალგაზრდებს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში განათლების მიღების შესაძლებლობას აძლევს. მხარეებმა აღნიშნული გაცვლითი პროგრამის გაფართოების საკითხზე და სტუდენტთა მხარდამჭერი ინიციატივების განხორციელების გზებზეც იმსჯელეს.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და უნგრეთს შორის გაფორმებული მემორანდუმების საფუძველზე უმაღლესი და პროფესიული განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას.

თავის მხრივ, უნგრეთის ელჩმა მადლობა გადაუხადა მინისტრს თანამშრომლობისთვის და კიდევ ერთხელ გამოთქვა საქართველოს განათლების სისტემის მხარდაჭერის მზაობა.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა მინისტრის უნგრეთში ვიზიტის საკითხი განიხილეს, სადაც გიორგი ამილახვარი უნგრელ კოლეგასთან განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობებზე იმსჯელებს.

ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.