საქართველოში უკრაინის საელჩო მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს
საქართველოში უკრაინის საელჩო მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს

საქართველოში უკრაინის საელჩო ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.

საქართველოს პირველმა არხმა დიპლომატიური მისიის პრესცენტრს როგორც წერილობით, ისე ტელეფონით მიმართა იმის გასარკვევად, რა ინფორმაციას ფლობს საელჩო უკრაინის მოქალაქეობის მქონე მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო ჩამოსვლის საკითხზე.

სატელეფონო საუბრისას საელჩოში განაცხადეს, რომ მიხეილ სააკაშვილის საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა დღეს დილით საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომლითაც მიანიშნებს, რომ არალეგალურად შემოვიდა ქვეყანაში და უკვე საქართველოშია.

მოგვიანებით, მან გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომელშიც ასევე მიანიშნებს, რომ იმყოფება ბათუმში. ამასთან, ცოტა ხნის შემდეგ, სააკაშვილმა კიდევ ერთი ვიდეო გაავრცელა, სადაც აცხადებს, რომ ვიდეო ბათუმის ბულვარშია გადაღებული.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით განაცხადეს, რომ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. შსს-ის ინფორმაციით, მას არ დაუტოვებია უკრაინის სახელმწიფო საზღვარი.