საქართველოში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ოფისის ხელმძღვანელმა ხათუნა თოთლაძეს აკრედიტაციის სიგელი გადასცა
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ხათუნა თოთლაძე საქართველოში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ოფისის ხელმძღვანელს, კაუპო კანდს შეხვდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას, კაუპო კანდმა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გადასცა აკრედიტაციის სიგელი და ისაუბრა საქართველოში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ოფისის საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ.
უწყების ცნობით, ხათუნა თოთლაძემ საქართველოში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ოფისსა და მის ხელმძღვანელს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა, ასევე აღნიშნა, რომ საქართველო ითანამშრომლებს და ხელს შეუწყობს ოფისს თავისი ფუნქციების შესრულებაში.
ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ საქართველო სრულად იზიარებს და განუხრელად ემხრობა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტით გათვალისწინებულ პრინციპებსა და მიზნებს.