საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე საქართველოში იაპონიის ელჩს შეხვდა
საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე საქართველოში იაპონიის ელჩს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი საქართველოში იაპონიის ელჩს, აკირა იმამურას შეხვდა.

საუბრის დასაწყისში მინისტრის პირველმა მოადგილემ იაპონიის ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და დიპლომატიურ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა გლობალური პანდემიის გამოწვევები და მასთან გამკლავების პროცესში თანამშრომლობის აუცილებლობა. მხარეებმა მიმოიხილეს საქართველო-იაპონიის ორმხრივი ურთიერთობები, რომელიც მეგობრობითა და პარტნიორობით ხასიათდება.

თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობაზე საუბრისას, ხაზი გაესვა რამდენიმე მიმართულებას, მათ შორის ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ენერგოეფექტურობას და სხვ. აღინიშნა ახლახან გაფორმებული მთავრობათაშორისი ორი ხელშეკრულება, რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ვაჭრობისა და ბიზნესის განვითარებას.

ქართულმა მხარემ იაპონური ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით ინტერესი გამოხატა. საუბარი ასევე შეეხო უსაფრთხოების პრობლემატიკას.

იაპონიის ელჩმა გამოხატა მისი ქვეყნის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებისადმი.

ვახტანგ მახარობლიშვილმა იაპონელ დიპლომატს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების შესახებ. ხაზი გაესვა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობას და ამ მიმართულებით, საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ საქმიანობას.

საუბარი ასევე შეეხო დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია – სუამ-ისა და იაპონიის თანამშრომლობას, რომელიც ერთ-ერთი წარმატებული ფორმატია. გამოითქვა მზაობა, მიმდინარე წელს, სუამ-ში საქართველოს თავმჯდომარეობის გათვალისწინებით, თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების თაობაზე.