ლაშა დარსალია - მასალები, რაც აზერბაიჯანულ მხარეს გადაეცა, უნდა განიხილოს სადემარკაციო კომისიამ, განხილვებზე გამოჩნდება, რამდენად მყარია ჩვენი არგუმენტები
ლაშა დარსალია - მასალები, რაც აზერბაიჯანულ მხარეს გადაეცა, უნდა განიხილოს სადემარკაციო კომისიამ, განხილვებზე გამოჩნდება, რამდენად მყარია ჩვენი არგუმენტები

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია გენერალურ პროკურატურაში გამოიკითხა.

როგორც მან გამოკითხვის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მის მიერ გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაცია ეხებოდა სადელიმიტაციო-სადემარკაციო კომისიის მუშაობას მისი თავმჯდომარეობის პერიოდში, 2019 წლის მაისიდან დღემდე.

მისი თქმით, მან ასევე გამოძიებას გააცნო ყველა ის მასალა, რომელიც კომისიამ მოიპოვა.

„ბოლო პერიოდში მოძიებულია მასალები, რომელიც აზუსტებს, სად შეიძლება გადიოდეს 1938 წლის ხაზი, ან მასალები, რომელიც შეიძლება ამას ადასტურებდეს და შეიძლება გამოყენებული იყოს ქართული მხარის მიერ თავისი არგუმენტებისთვის. ეს მასალები აზერბაიჯანულ მხარეს გადაეცა“, – განაცხადა დარსალიამ.

რაც შეეხება დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულების პოზიციას, რომ 2006-2007 წლებში სადელიმიტაციო-სადემარკაციო კომისიამ 200-ათასიანი მასშტაბის რუკით იმიტომ არ იხელმძღვანელა, რომ ის ხარვეზიანი იყო, ამის საპასუხოდ დარსალიამ აღნიშნა, რომ კომისიებს არასდროს ჰქონიათ ამ საკითხის განხილვის შესაძლებლობა, რადგან ქართულ მხარეს ეს დოკუმენტები არ წარუდგენია.

„ჩვენ ეს დოკუმენტები წარვადგინეთ, იყო ეს შეხვედრა. მანამდე ჩვენ ეს შევაფასებინეთ სხვადასხვა ექსპერტს და ამის საფუძველზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს დოკუმენტები რელევანტურია ქართული მხარისთვის“, – განაცხადა დარსალიამ.

დაცვის მხარის განცხადების საპასუხოდ, რომ აზერბაიჯანმა ახალი მასალები მიზანშეუწონლად მიიჩნია, ლაშა დარსალია აღნიშნავს, რომ „აზერბაიჯანული მხარის აზრით, ეს რუკა არ შეესაბამებოდა მათ პოზიციას, რაც ნიშნავს, რომ ეს რუკა შეესაბამებოდა ქართული მხარის პოზიციას“.

„მათ არ წარმოუდგენიათ არანაირი არგუმენტი, რატომ არ უნდა იყოს ეს რუკა განხილული. ერთადერთი რაც გვითხრეს – მათთვის არ არის სასურველი ამ რუკის განხილვა. მასალები არის ღირებული, რასაც ამბობს ძალიან ბევრი ექსპერტი. ეს მასალები, რაც აზერბაიჯანულ მხარეს გადაეცა, უნდა განიხილოს სადემარკაციო კომისიამ. კომისიის განხილვებზე გამოჩნდება, რამდენად მყარია ეს არგუმენტები. ჩვენი პოზიციით, ეს არგუმენტები ძალიან მყარია“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.

დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ივერი მელაშვილი და შს სამინისტროს თანამშრომელი ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად ედებათ საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ მიმართული ქმედება. თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულები მათთვის წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ.