საქართველოში „სინოვაკით“ ვაქცინაცია შესაძლოა, მიმდინარე თვეში დაიწყოს
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, მაღალი საჭიროებიდან გამომდინარე, იმუნიზაციისა და ვაქცინაციის გაფართოებულმა საბჭომ მხარი დაუჭირა „სინოვაკის“ ადრეული, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციამდე გამოყენების საკითხის მთავრობასთან განხილვას.
გაბუნიას თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა არსებობს სტრატეგიული ექსპერტების ჯგუფის დადებითი შუალედური დასკვნა „სინოვაკის“ შედეგების შესახებ.
აქედან გამომდინარე, გაბუნია აღნიშნავს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან „სინოვაკისთვის“ ავტორიზაციის მინიჭების პროცესი მაისის ბოლომდე თუ არ დასრულდა, არ არის გამორიცხული, ქვეყანამ „სინოვაკით“ ვაქცინაცია ავტორიზაციამდე დაიწყოს.
„მოგეხსენებათ, „სინოვაკის“ 100 000 დოზა ქვეყანამ მიიღო დონაციის სახით ჩინეთის მთავრობისგან. ჯერჯერობით „სინოვაკის“ გამოყენება არ ხდება, რადგან არის დათქმა, რა პირობითაც ქვეყანაში „სინოვაკი“ შემოვიდა. იყო მოლოდინი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციის, ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ არის „სინოვაკთან“ მიმართებაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან, თუმცა არის სტრატეგიული ექსპერეტბის ჯგუფის შუალედური, ძალიან კარგი, დადებითი დასკვნა „სინოვაკის“ შედეგების შესახებ, რომლის საფუძველზეც გამომდინარე იქედან, რომ საჭიროება მაღალია, იმუნიზაციის საბჭომ, ასევე ვაქცინაციის გაფართოებულმა საბჭომ ორივემ მხარი დაუჭირა მთავრობასთან ამ საკითხის განხილვას „სინოვაკის“ შედარებით ადრეული გამოყენების შესახებ, ვიდრე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია დასრულდება, ვფიქრობ, რომ ეს მოხდება თვის ბოლოსთვის.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია მიმდინარე პროცესია, პრაქტიკულად დასასრულს უახლოვდება „სინოვაკთან“ მიმართებაში. თუ მაისის ბოლომდე ეს არ დასრულდა და ჩვენ ეპიდემიური, ასევე ვაქცინაციის საჭიროებიდან გამომდინარე დაგვჭირდა „სინოვაკის“ უფრო ადრეული გამოყენება, მთავრობასთან დავაყენებთ საკითხს, რომ ვიდრე დასრულდება ვაქცინის ავტორიზაცია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, საბჭოს, ასევე ექსპერტთა ჯგუფის დადებითი შეფასების საფუძველზე „სინოვაკის“ გამოყენება დავიწყოთ უფრო ადრე, დავუშვათ მაისის შუა რიცხვებიდან, ვიდრე მოხდება ავტორიზაცია“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.