საქართველოში შვედეთის ელჩი - ეროვნული ერთიანობის დღეს პატივს მივაგებთ ყველას, ვინც სიცოცხლე გაიღო თავისუფალი საქართველოსთვის
ეროვნული ერთიანობის დღეს პატივს მივაგებთ ყველას, ვინც სიცოცხლე გაიღო თავისუფალი საქართველოსთვის, – ამის შესახებ საქართველოში შვედეთის ელჩმა, ულრიკ ტიდესტრომმა განაცხადა.
„1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა ჯარებმა ჩაახშვეს თავისუფლებისთვის გამართული ქართველების მშვიდობიანი დემონსტრაცია. ორი წლის შემდეგ, საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა. ეროვნული ერთიანობის დღეს პატივს მივაგებთ ყველას, ვინც სიცოცხლე გაიღო თავისუფალი საქართველოსთვის და ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს სუვერენიტეტის ურყევ მხარდაჭერას“, – აცხადებს ულრიკ ტიდესტრომი.
9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა. მოგვიანებით, 1991 წლის 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.