საქართველოში საფრანგეთის ელჩი სააკაშვილის ბრალდებების გამო აღშფოთებას გამოთქვამს
საფრანგეთის ელჩი საქართველოში არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ საფრანგეთის საგარეო უსაფრთხოების დეპარტამენტს ბიძინა ივანიშვილზე ძებნა აქვს გამოცხადებული.
პასკალ მენიე ასევე აღშფოთებულია მიხეილ სააკაშვილის მხრიდან მისი ერთ-ერთი წინამორბედის, ერიკ ფურნიეს მიმართ ბრალდებებით.
„ვერ დაგიდასტურებთ ივანიშვილის შესახებ ინფორმაციას – მოგეხსენებათ, დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპის მიხედვით, სასამართლო დამოუკიდებელია, მაგრამ მინდა გაგიზიაროთ ჩემი პირადი აღშფოთება იმ სერიოზული და დაუსაბუთებელი ბრალდებების გამო, რომელიც ჩემი ერთ-ერთი წინამორბედის მიმართ გამოითქვა. მისი [ერიკ ფურნიეს] გმირული ქცევა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, ყველა პოლიტიკური ჯგუფისთვის მისასალმებელი აღმოჩნდა”, – აცხადებს პასკალ მენიე.
განცხადება, რომ ბიძინა ივანიშვილს საფრანგეთის საგარეო უსაფრთხოების სამსახური დევნის, მიხეილ სააკაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში 1-ლ მაისს გააკეთა. მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ საფრანგეთის საგარეო უსაფრთხოების დეპარტამენტს ივანიშვილზე ძებნა აქვს გამოცხადებული, რათა “პასუხი აგებინოს საფრანგეთში კორუფციისა და განხორციელებული მაქინაციებისთვის”.
ივანიშვილის ერთ-ერთი მაქინაცია, სააკაშვილის თქმით, სწორედ საფრანგეთის ყოფილი ელჩის, ერიკ ფურნიეს მოსყიდვაა.
“ივანიშვილმა სრულიად დაუმსახურებლად, ქრთამის ხარჯზე, საფრანგეთის მაშინდელი ელჩი საქართველოში, ერიკ ფურნიე მოისყიდა, მის მეუღლეს ქონებრივი რაღაცები გაუკეთა და ფურნიემ დაბადების დღეზე აჩუქა მას საფრანგეთის მოქალაქეობა ისე, რომ მას ამაზე არანაირი უფლება არ ჰქონდა. ახლა ფრანგებმა ამოიყვანეს მთელი ეს საქმეები, ივანიშვილი შეშინებულია, ფურნიე აიყვანა თავის მრჩევლად, რომ მან არ ჩაუშვას”, – თქვა სააკაშვილმა.
ექსპრეზიდენტის განცხადებით, ივანიშვილი პოლიტიკაში სწორედ იმისთვის დაბრუნდა, რომ “შეშინებულია და ფიქრობს, რომ თუ თანამდებობაზე მოვა, მას უცხოეთიდან თავს დაანებებენ”.
ამის შესახებ ინფორმაციას „ტაბულა“ ავრცელებს.