საქართველოში მრავალეროვნული სწავლების შესახებ ამერიკის არმიის პრესსამსახური ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
საქართველოში მრავალეროვნული სწავლების შესახებ ამერიკის არმიის პრესსამსახური ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც აშშ-ის არმიის პრესსამსახური იუწყება, წვრთნები 26 ივლისიდან 6 აგვისტომდე გაიმართება და მას საქართველოს შეიარაღებული ძალები და აშშ-ის ევროპისა და აფრიკის არმიის სარდლობა ერთობლივად უხელმძღვანელებს.
წვრთნები აერთიანებს სიმულაციური სამეთაურო სწავლებებს, საველე წვრთნებს და ერთობლივ მრავალეროვნულ სწავლებებს, რაც მოიცავს საბრძოლო სორლას.
„მტკიცე სული 2021“ ზრდის აშშ-ის, საქართველოსა და მოკავშირეების თუ რეგიონული პარტნიორების ოპერაციულ ურთიერთავსებადობას რეალურ სასწავლო გარემოში“, – ნათქვამია განცხადებაში.
პრესრელიზში ნათქვამია, რომ წვრთნები სახელწოდებით „მტკიცე სული“ უკვე მეათედ გაიმართება. წელს წვრთნებში 15 ქვეყნის 2 500 სამხედრო მოსამსახურე ჩაერთვება. მათ შორის იქნებიან ესტონელი, გერმანელი, ლატვიელი, ლიეტუველი, რუმინელი, ესპანელი, თურქი, უკრაინელი, ბრიტანელი, კანადელი, იტალიელი და აზერბაიჯანელი სამხედროები.
სამხედრო პერსონალიდან 700 იქნება ამერიკელი, დაახლოებით 1 600 ქართველი და 250 სხვა ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეები.
წელს პირველად მრავალეროვნული წვრთნების ფარგლებში დაგეგმილია საჰაერო-სადესანტო ოპერაცია, რომელშიც ერთობლივად მიიღებენ მონაწილეობას ქართველი, ბრიტანელი და პოლონელი სამხედროები. ამას გარდა, საქართველოს, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, რუმინეთის და პოლონეთის სპეციალური დანიშნულების ძალები ერთობლივ ოპერაციას ჩაატარებენ სორტას პოლიგონზე. წვრთნები „მტკიცე სული 2021“ ჩატარდება სულ ხუთ სამხედრო ბაზაზე. მათ შორის ვაზიანში, ორფოლოში, სენაკში და სორტაზე. წვრთნების გახსნის ოფიციალური ცერემონიალი შედგება 26 ივლისს სენაკის საჰაერო ბაზაზე.