საერთაშორისო სწავლება „მტკიცე სული 2021“ ოფიციალურად გაიხსნა

მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „მტკიცე სული 2021“ (Agile Spirit 2021), რომელიც წელს საიუბილეოა და მას საქართველო უკვე მეათედ მასპინძლობს, ოფიციალურად დღეიდან დაიწყო.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საერთაშორისო წვრთნების გახსნის ცერემონიალი სენაკში, მე-2 ქვეითი ბრიგადის ბაზაზე გაიმართა.

მათივე ცნობით, სამწყობრო მოედანზე მოწყობილ სწავლებაში მონაწილე ნატოს წევრი 12 და პარტნიორი სამი ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და აღნიშნა, რომ ერთობლივი წვრთნებით უფრო გაღრმავდება მონაწილე ქვეყნების სამხედრო ქვედანაყოფებს შორის ურთიერთთავსებადობა და საბრძოლო შესაძლებლობები.

„მინისტრმა მრავალეროვნული სწავლებების საქართველოში ჩატარების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ეს ზრდის ნატო-ს არსებობას საქართველოში და ხელს უწყობს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას.

სამწყობრო მოედანზე მოწყობილ 15 ქვეყნის სამხედროებს „მტკიცე სული 2021“ -ის ოფიციალური დაწყება თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმაც მიულოცა და წვრთნების წარმატებით აღსრულება უსურვა.

სიტყვით გამოსვლისას, გენერალმა საქართველოს თავდაცვის ძალებისა და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო ქვედანაყოფებს შორის პარტნიორული შესაძლებლობების გაძლიერებასა და მზადყოფნის შენარჩუნებაზე ისაუბრა, რასაც მრავალეროვნული სწავლება ემსახურება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, „მტკიცე სული 2021“-ის გახსნას თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები, წვრთნებში მონაწილე ქვეყნების თავდაცვის ატაშეები, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის გუბერნატორი და სენაკის მუნიციპალიტეტის მერი დაესწრნენ.

„მტკიცე სული 2021“ საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობისა და ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის სარდლობის ორგანიზებით იმართება, რომელსაც დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია ხელმძღვანელობს.

საერთაშორისო წვრთნები საქართველოში 6 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება და ხუთ ლოკაციაზე იქნება გაშლილი. წვრთნები ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების ქვედანაყოფებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლებას, მრავალეროვნულ გარემოში ოპერაციების დაგეგმვის, აღსრულების დროს ოპერატიული შესაძლებლობების დახვეწასა და გაძლიერებას, ასევე მრავალეროვნული მზადყოფნისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის განვითარებას ისახავს მიზნად“, – აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

„მტკიცე სული 2021“ უკვე მეათედ ტარდება. სწავლება, რომელიც რეგიონში ორ ქვეყანას – ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის დაიწყო, დღეს უკვე მრავალეროვნული ერთობლივი სწავლება გახდა. ახლა მასში 15 ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობენ, რომელთა ერთობლივი ჩართვით, იზრდება მათი მზადყოფნა და ურთიერთთავსებადობა. სწავლების საშტაბო კომპონენტი II ბრიგადაში იმართება, ხოლო ბატალიონის დონის სწავლებები საბრძოლო სროლებით – საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ლოკაციაზე. სწავლება ჩვენს პარტნიორებთან ერთად ფოკუსირებულია წვრთნების განვითარებაზე, რომლის დროსაც ერთმანეთს საუკეთესო პრაქტიკას ვუზიარებთ, იზრდება ურთიერთთავსებადობა ჩვენი შეიარაღების, ქვედანაყოფებისა და სხვადასხვა პროცესის თვალსაზრისით. ამ ყველაფრის საბოლოო შედეგი კი, უკეთესად მომზადებული სამხედროა, რომელიც სათანადო პასუხს გასცემს ნებისმიერ კრიზისს“, – განაცხადა აშშ-ის მხრიდან სწავლების „მტკიცე სული 2021“-ის ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა კრის მარშალმა.