ბრიტანეთის საელჩო - სწავლებაში „მტკიცე სული 2021“ მონაწილეობა გაერთიანებული სამეფოს მხრიდან საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების გზაზე მხარდაჭერის კიდევ ერთი დასტურია
ბრიტანეთის საელჩო - სწავლებაში „მტკიცე სული 2021“ მონაწილეობა გაერთიანებული სამეფოს მხრიდან საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების გზაზე მხარდაჭერის კიდევ ერთი დასტურია

მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებაში „მტკიცე სული 2021“ მონაწილეობა, გაერთიანებული სამეფოს მხრიდან კიდევ ერთი დასტურია მტკიცე და ხანგრძლივი მხარდაჭერისა, როგორც საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების გზაზე, ისე რეგიონში უსაფრთხოების შენარჩუნების კუთხით, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს ფეისბუქგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

საელჩოს ცნობით, სწავლებაში ბრიტანეთის კონტინგენტი წარმოდგენილია სპეციალიზებული ქვეითთა ბრიგადის სახით.

„გაერთიანებული სამეფო, მოხარულია მონაწილეობა მიიღოს მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებაში „მტკიცე სული 2021“, რომელსაც საქართველოს სამხედრო ძალები მასპინძლობს. სწავლებაში მონაწილეობას იღებს 4 000 სამხედრო მოსამსახურე, ნატო-ს 15 პარტნიორი და წევრი ქვეყნიდან.

ბრიტანეთის კონტინგენტი წარმოდგენილია სპეციალიზებული ქვეითთა ბრიგადის სახით, რომლებიც სწავლებას ქართველ, ამერიკელ, რუმინელ და პოლონელ სამხედროებთან ერთად ჩაატარებენ.

წვრთნები საშუალებას მისცემს სახელმწიფოებს, შეამოწმონ მზაობა და ურთიერთთავსებადობა სხვადასხვა რეალურ სიტუაციაში. სწავლებაში მონაწილეობა, გაერთიანებული სამეფოს მხრიდან კიდევ ერთი დასტურია მტკიცე და ხანგრძლივი მხარდაჭერისა, როგორც საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების გზაზე, ისე რეგიონში უსაფრთხოების შენარჩუნების კუთხით“, – აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.