საქართველოში მცხოვრები შშმ მოქალაქეები საკუთარი უფლებების აღდგენას საერთაშორისო დონეზეც შეძლებენ
საქართველოში მცხოვრები შშმ მოქალაქეები საკუთარი უფლებების აღდგენას საერთაშორისო დონეზეც შეძლებენ

საქართველოს პარლამენტმა გაერო-ს შშმ პირთა უფლებების კონვენციის ფაკულტატურ ოქმს მხარი დაუჭირა და მისი რატიფიცირება მოხდა. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცნობით, ოქმის რატიფიცირება ხელს შეუწყობს შშმ პირთა უფლებების რეალიზაციას.

ოქმი ითვალისწინებს შშმ პირთა ინდივიდუალური საჩივრების განხილვას კონვენციის უხეში, სისტემატური დარღვევის შემთხვევებში, საიმედო მტკიცებულებების გამოკვლევასა და რეკომენდაციის მიღებას.

„დღეს საქართველოსთვის ისტორიული დღეა. საქართველოს პარლამენტმა გაერო-ს შშმ პირთა უფლებების კონვენციის ფაკულტატურ ოქმს მხარი დაუჭირა და მისი რატიფიცირება მოხდა. რაც იმას ნიშნავს, რომ შშმ მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში საკუთარი უფლებების აღდგენას ვერ მოახერხებენ, მათ საერთაშორისო დონეზე გაერო-ს შშმ პირთა კომიტეტში საკუთარი უფლებების აღდგენა შეეძლებათ.

ჩვენ ვუერთდებით იმ ქვეყნებს, რომლებიც მაღალ დონეზე აყენებენ ზოგადად ადამიანის უფლებებს და კონკრეტულად კი შშმ პირების უფლებებს.ეს ნამდვილად ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყანაში შშმ პირთა უფლებების დაცვას, მათ სოციალიზაციას და საზოგადოებაში ინტეგრაციას“, – განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ ბარკალაიამ.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „შეზღუდული შესაძლებლობების მონე პირთა უფლებების კონვენცია“ ადამიანის უფლებების ყოვლისმომცველი ხელშეკრულებაა, კონვენციას და მის ფაკულტატურ ოქმს საქართველომ 2009 წელს მოაწერა ხელი, ასევე, რატიფიცირებული იქნა კონვენციაც, თუმცა ოქმის რატიფიცირება არ მომხდარა.

პარლამენტმა დადგენილების პროექტის – „გაერთიანებული ერების შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციის ფაკულტატური ოქმის“ რატიფიცირება დღეს 82 ხმით მოახდინა.

დატოვე კომენტარი