ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც შშმ პირებისთვის ვებსაიტებისა და მობილური აპლიკაციების მისაწვდომობის საკითხს ეხება
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც შშმ პირებისთვის ვებსაიტებისა და მობილური აპლიკაციების მისაწვდომობის საკითხს ეხება

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით განიხილა. საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, შესაბამის სუბიექტებს გაუჩნდებათ ვალდებულება, ვებსაიტები და მობილური აპლიკაციები შშმ პირებისათვის მისაწვდომი გახადონ, ასევე შეიქმნება ადაპტირებისთვის შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტი.

კანონპროექტის თანახმად, განისაზღვრება დაწესებულებები – ადმინისტრაციული ორგანოები და კერძო სამართლის ზოგიერთი სუბიექტი, რომლებიც ვალდებული იქნებიან, განახორციელონ ვებსაიტებისა და მობილური აპლიკაციების მისაწვდომობა.

საკანონმდებლო ცვლილება ითვალისწინებს მისაწვდომობის ვალდებულების აღსრულების თავისებურებას. კერძოდ, იმ გარემოებას, რომ ვებსაიტებისა და მობილური აპლიკაციების მისაწვდომობა უნდა განხორციელდეს პროპორციული ტვირთის დაკისრების პრინციპების გათვალისწინებით.

პროექტი ახდენს მთავრობისათვის „ტექნიკური რეგლამენტის, ვებსაიტისა და მობილური აპლიკაციის მისაწვდომობის სტანდარტის“ დამტკიცების დელეგირებას. ამავე დროს, მთავრობა განსაზღვრავს ვებსაიტისა და მობილური აპლიკაციის იმ მასალებს, რომლებზეც არ გავრცელდება მისაწვდომობის სტანდარტი.

„ეს მნიშვნელოვანი ინიციატივაა, მათ შორის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ მე-9 მუხლის იმპლემენტაციისათვის. ამ ცვლილების ძირითადი ბენეფიციარები უსინათლო და მცირემხედველი ადამიანები არიან, თუმცა ცვლილებები, საბოლოო ჯამში, თითოეულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს შეეხება და მათთვის კიდევ უფრო მისაწვდომს და კომფორტულს გახდის კომუნიკაციისა და ინფორმაციაზე წვდომის შესაძლებლობებს“, – განაცხადა კანონპროექტის ავტორმა და ერთ-ერთმა ინიციატორმა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.