მთავრობის ადმინისტრაციასთან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა აქცია გამართეს
მთავრობის ადმინისტრაციასთან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი 2028 წლამდე მთავრობის მხრიდან ევროკავშირთან მოლაპარაკებების საკითხის შეჩერების გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.
„დღეს არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების საერთაშორისო დღე. ამ დღესთან დაკავშირებით გამოვედით გარეთ და დღეს განსაკუთრებულად აღვნიშნავთ, თუ რა რისკის ქვეშ დგანან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები. ევროინტეგრაციის გზა და ეს პროცესი იყო გარანტია იმისი, რომ ჩვენს შვილებს ექნებოდათ უკეთესი მომავალი. ყველაფერი, რაც დღეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს აქვთ, ის მცირედი, რაც კი გაკეთდა, და რაღაც პროცესიმ რაც ნაბიჯ-ნაბიჯ მიმდინარეობდა, ყველაფერი გაჩერდება და ყველაფერი უკან წავა და ყველაფერი ეს იყო სწორედ ევროკავშირისა და ამერიკის მხარდაჭერით. ასეთ სტრატეგიულ პარტნიორებს როდესაც ვკარგავთ და ევროინტეგრაციის პროცესი გვიჩერდება, ძალიან ბუნდოვანი არის ამ ადამიანების აწმყოც და მომავალიც. ჩვენ ვითხოვთ, რომ დაუყოვნებლივ დაგვაბრუნონ ევროინტეგრაციის ორბიტაზე და დააბრუნოს ეს პროცესი ჩვენმა მთავრობამ და შეაჩეროს ეს კრიზისი, სიძულვილის ენა, რომელსაც თავისი მოქალაქეების მიმართ იჩენენ და ის ძალადობა, რომელსაც ვხედავთ ყოველდღიურად ქუჩაში“, – განაცხადა საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის დამფუძნებელმა და თავმჯდომარემ, ლია ტაბატაძემ.