საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული ექვსივე ახალი პაციენტი რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობს, მათგან ორი ექთანია
საქართველოში კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევიდან ყველა მათგანი რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობს.
როგორც რესპუბლიკური კლინიკის დირექტორმა, ლევან გოფოძემ განაცხადა, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„რესპუბლიკურ საავადმყოფოში დადასტურებული ექვსი ახალი შემთხვევიდან ერთი კლინიკაში ინფექციური საავადმყოფოდან გადაიყვანეს, ორი რესპუბლიკური საავადმყოფოს ექთანია და დანარჩენი ცხელების ცენტრიდან შეყვანილი პაციენტია. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა ლევან გოფოძემ.
მისივე ინფორმაციით, კლინიკაში ამჟამად 17 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.
„კლინიკამ თანამშრომლების ე.წ აგრესიული ტესტირება დაიწყო და ამ დროისათვის 50-მდე ანალიზია გაგზავნილი ლუგარის ლაბორატორიაში. საავადმყოფოში კვლავაც რჩება ერთი მძიმე კოვიდდადებითი პაციენტი. ჯამში კი, რესპუბლიკურ საავადმყოფოში სულ 17 კოვიდინფიცირებული პაციენტი იმყოფება“, – განაცხადა ლევან გოფოძემ.
საქართველოში „კოვიდ 19“-ის კიდევ ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. შესაბამისად, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 843 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 697 მოქალაქე.