საქართველოში კორონავირუსის კიდევ ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსის კიდევ ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში „კოვიდ 19“-ის კიდევ ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დაუდასტურა.

„ჩვენ ვანგარიშობთ გუშინდელი დილიდან, 09:00 საათიდან დღევანდელ 09:00 საათამდე და გვქონდა ცხრა შემთხვევა. დღის განმავლობაში ექვსი დაემატა და შესაძლებელია კიდევ დაემატოს.

ექვსი შემთხვევა რესპუბლიკურმა საავადმყოფომ დაადასტურა. ეს მიემატება უკვე დადასტურებულ 837 შემთხვევას“, – აცხადებს გამყრელიძე.

ამასთან, რესპუბლიკური კლინიკის დირექტორმა, ლევან გოფოძემ განაცხადა, რომ ექვსი დადებითი პასუხი მათი კლინიკიდან გაგზავნილი პაციენტების ტესტებიდან მიიღეს.

ლევან გოფოძის თქმით, სამ დღეში მათთან კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა სამიდან 17-მდე გაიზარდა.

სამედიცინო დაწესებულების დირექტორის განცხადებით, მათ ყოველდღიურად სულ უფრო მეტი ადამიანი მიმართავს და მიმართვიანობასთან ერთად ტესტებზე დადებითი პასუხების რაოდენობაც იმატებს.