საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული ექვსივე ახალი პაციენტი რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობს, მათგან ორი ექთანია

15:44, 12.06.2020

საქართველოში კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევიდან ყველა მათგანი რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობს.

როგორც რესპუბლიკური კლინიკის დირექტორმა, ლევან გოფოძემ ​განაცხადა, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„რესპუბლიკურ საავადმყოფოში დადასტურებული ექვსი ახალი შემთხვევიდან ერთი კლინიკაში ინფექციური საავადმყოფოდან გადაიყვანეს, ორი რესპუბლიკური საავადმყოფოს ექთანია და დანარჩენი ცხელების ცენტრიდან შეყვანილი პაციენტია. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა ლევან გოფოძემ.

​მისივე ინფორმაციით, კლინიკაში ამჟამად 17 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.

„კლინიკამ თანამშრომლების ე.წ აგრესიული ტესტირება დაიწყო და ამ დროისათვის 50-მდე ანალიზია გაგზავნილი ლუგარის ლაბორატორიაში. საავადმყოფოში კვლავაც რჩება ერთი მძიმე კოვიდდადებითი პაციენტი. ჯამში კი, რესპუბლიკურ საავადმყოფოში სულ 17 კოვიდინფიცირებული პაციენტი იმყოფება“, – განაცხადა ლევან გოფოძემ.

საქართველოში „კოვიდ 19“-ის კიდევ ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.  შესაბამისად, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 843 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 697 მოქალაქე.

მსგავსი