საქართველოში მკურნალობის ეტაპზე მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან 41-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა
საქართველოში მკურნალობის ეტაპზე მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან 41-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, კრიტიკულად მძიმე პაციენტებიდან, ცხრა ოკუპირებული ტერიტორიიდან არის გადმოყვანილი.
„დღეს გვაქვს 554 ახალი შემთხვევა. ამჟამად, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობაა 8 118 პაციენტი. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 50 პროცენტზე ცოტა მეტია. აქტიური შემთხვევაა 3 874. მათგან 41 პაციენტია კრიტიკულად მძიმე და მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან, მათ შორის ცხრა ოკუპირებული ტერიტორიიდანაა გადმოყვანილი. რაც შეეხება ინფექციურ საავადმყოფოს, ამჟამად აქ არის 31 კოვიდინფიცირებული, ველოდებით ახალ პაციენტებს. კრიტიკული პაციენტია მხოლოდ ერთი. ასევე, კლინიკაში გვყავს ბავშვები, რომელთა მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა ენდელაძემ.
4 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 554 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 252 პაციენტი.