საქართველოში ისრაელის ელჩი - რთული დილის მიუხედავად, ისრაელმა იცის, როგორ დაიცვას თავი, ყურადღება გადატანილია კრიზისის გამკლავებაზე, რომ მოქალაქეების უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იყოს
ისრაელის მთავრობამ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა და ზომებს იღებს. რთული დილის მიუხედავად, ისრაელმა იცის, როგორ დაიცვას თავი, როგორ დაუბრუნოს უსაფრთხოება თავის მოქალაქეებს, – ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ელჩმა, ჰადას მეიცადმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისივე თქმით, ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“, რომელიც დომინირებს ღაზაში, წამოიწყო მასშტაბური თავდასხმა ყოველგვარი კონტექსტის გარეშე და, სარაკეტო თავდასხმების პარალელურად, ათობით ტერორისტი შევიდა ღაზიდან ისრაელში.
ამასთან, მისივე თქმით, ახლა მთელი ყურადღება გადატანილია არსებული კრიზისის გამკლავებაზე, რომ მოქალაქეების უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იყოს.
„დღეს ძალიან მძიმე ვითარებაში გავიღვიძეთ ისრაელში. შაბათს, დილის 06:00 საათზე, როდესაც ებრაულ დღესასწაულს აღვნიშნავთ, ისრაელის მოქალაქეებმა მასშტაბური სარაკეტო თავდასხმის ფონზე გაიღვიძეს. ახლა, როდესაც ვსაუბრობ, თავდასხმამ ისრაელის სამხრეთი და ცენტრალური ნაწილი მოიცვა, თელ-ავივი, იერუსალიმი, ბერშევა – ყველა მსხვილი ქალაქი იბომბება და თავს ესხმიან. ეს ამ წუთებშიც გრძელდება. ისრაელის ცენტრში მდებარე ჩემი მშობლიური ქალაქი პირველი ორი საათის განმავლობაში ოთხივე მხრიდან იბომბებოდა. საბედნიეროდ, მსხვერპლი არ არის, მაგრამ ჩემი მშობლები, ოჯახი, მილიონობით სხვა მოქალაქესთან ერთად თავშესაფარშია და ამ ყველაფრის დასრულებას ელოდებიან“, – განაცხადა მეიცადმა.
ამასთან, როგორც ელჩმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, „ორგანიზაცია „ჰამასი“ არეულობას ქმნის დასახლებებში ებრაული ოჯახების დახოცვის მიზნით და ათასობით ოჯახი თავშესაფარს ეძებს“.
„ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“, რომელიც დომინირებს ღაზაში, წამოიწყო ეს მასშტაბური თავდასხმა ყოველგვარი კონტექსტის გარეშე და, სარაკეტო თავდასხმების პარალელურად, ათობით ტერორისტი შემოვიდა ისრაელში ღაზადან. ახლა ისინი არეულობას ქმნიან დასახლებებში, ებრაული ოჯახების დახოცვის მიზნით. ათასობით ოჯახი, მცირეწლოვნები თავშესაფარს ეძებენ და სახლებში არიან, რადგან ქუჩებში ტერორისტები მოძრაობენ. მთავრობამ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა და ზომებს იღებს. რთული დილის მიუხედავად, ისრაელმა იცის, როგორ დაიცვას თავი, როგორ დაუბრუნოს უსაფრთხოება თავის მოქალაქეებს.
მინდა, ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც აღვნიშნო, ღაზის სექტორში მცხოვრები ხალხი ისრაელის მტერი არ არის. სამწუხაროდ, „ჰამასი“, რომელიც უკვე მრავალი წელია, აკონტროლებს ღაზას, ისრაელზე განხორციელებული ყველა თავდასხმის უკან დგას. ის ცნობილია ასეთი დანაშაულების ჩადენით. თავს ესხმის ისრაელის მოქალაქეებს და იმალებიან მშვიდობიანი მოქალაქეების ზურგს უკან. ჩვენ ვიცით, რომ არსებობს თანამშრომლობა „ჰამასსა“ და ირანს შორის, რომ ირანი ცდილობს, თავს დაესხას ისრაელს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე განახორციელოს თავდასხმები ისრაელის ობიექტებზე, როგორც ეს, სამწუხაროდ, ადრე საქართველოში ვიხილეთ.
დილიდან ვიღებ სოლიდარობის უამრავ შეტყობინებას მეგობრებისგან, მაღალჩინოსნებისგან. მწერენ პირად მიმოწერაში ან საჯაროდ აკომენტარებენ და აზიარებენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, სოლიდარობის ასეთი მასშტაბური გამოხატვა ქართველი ხალხისგან“, – აღნიშნა ელჩმა.
ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები დღეს, გამთენიისას გაუშვეს. სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა, სულ მცირე, 22 და დაშავდა ისრაელის 100-ზე მეტი მოქალაქე. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „ჰამასმა“ აიღო.
ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის გამო ისრაელის თავდაცვის ძალებმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადეს.
ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „ამ დროის მონაცემებით, ისრაელში დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან, თუმცა ვაგრძელებთ კონტაქტს მოქალაქეებთან და ისრაელის შესაბამის სამსახურებთან“.