საგარეო საქმეთა სამინისტრო – ამ დროის მონაცემებით, ისრაელში დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან, თუმცა ვაგრძელებთ კონტაქტს მოქალაქეებთან და ისრაელის შესაბამის სამსახურებთან

14:03, 07.10.2023

ისრაელში საქართველოს საელჩო ხაზზეა საქართველოს მოქალაქეებთან, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ამ დროის მონაცემებით, დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან, თუმცა ვაგრძელებთ კონტაქტს მოქალაქეებთან და ისრაელის შესაბამის სამსახურებთან“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები დღეს, გამთენიისას გაუშვეს. სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა, სულ მცირე, 22 და დაშავდა ისრაელის 100-ზე მეტი მოქალაქე. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „ჰამასმა“ აიღო.

ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის გამო ისრაელის თავდაცვის ძალებმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადეს.

მსგავსი