საქართველოში გერმანიის საელჩო სეზონური დასაქმების პროგრამაში მონაწილე ქართველების სამუშაო პირობების შესახებ განცხადებას ავრცელებს
საქართველოში გერმანიის საელჩო სეზონური დასაქმების პროგრამაში მონაწილე ქართველების სამუშაო პირობების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც გერმანიაში სეზონური დასაქმების პროგრამაში მონაწილეობენ და რომელთა დამსაქმებელმაც დაარღვია პროგრამით გათვალისწინებული პირობები, უკვე ამ კვირაში ახალ დამსაქმებელთან გადაიყვანენ. პირველი შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე, მათი უფლებები და მოთხოვნები ძალაში რჩება.
„გერმანიის დასაქმების ფედერალური სააგენტო წუხილს გამოთქვამს ამ პრობლემასთან დაკავშირებით: „ეს პრობლემა სამწუხარო ცალკეულ შემთხვევას წარმოადგენს. გერმანიის სახელმწიფო უწყებებმა სწრაფად და ეფექტიანად გამოიკვლიეს აღნიშნული შემთხვევა და მიიღეს შესაბამისი ზომები. სეზონურად მომუშავე პირებისთვის დასაქმების კარგი პირობების შექმნა მთავარი წინაპირობაა საშუამავლო შეთანხმების წარმატებით განხორციელებისთვის“.
გერმანიის საელჩო წუხილს გამოთქვამს ამ ცალკეულ შემთხვევაში გამოვლენილი დარღვევების გამო. შრომითი კანონმდებლობის დარღვევებს გერმანიაში სათანადო შედეგები მოჰყვება“, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.
გერმანიაში ლეგალური დასაქმების პროგრამით წასული საქართველოს მოქალაქეების პრობლემაზე სიუჟეტი საქართველოს პირველმა არხმა ორი დღის წინ მოამზადა. სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ, პირველ არხს გერმანიაში ლეგალური დასაქმების ჯგუფის ერთ-ერთი წევრი დაუკავშირდა და განუცხადა, რომ სეზონურ სამუშაოზე დასაქმებულ 24 ქართველს სხვა დამსაქმებელთან გადაიყვანენ.