გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე დასაქმებულ 24 ქართველს ხვალ სხვა დამსაქმებელთან გადაიყვანენ

გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე დასაქმებულ 24 ქართველს ხვალ სხვა დამსაქმებელთან გადაიყვანენ, ხოლო არაკეთილსინდისიერი დამსაქმებლის წინააღმდეგ გერმანული მხარე სავარაუდოდ სარჩელს შეიტანს სასამართლოში. ამის შესახებ პირველ არხს ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, ჯაბა ჩაჩანიძემ განუცხადა.

ჯაბა ​ჩაჩანიძის თქმით, ახალი დამსაქმებელი გერმანულმა მხარემ იპოვა.

4 ივნისს მარწყვის ფერმაში საქართველოს მოქალაქეების სამუშაო და საცხოვრებელი პირობების შესასწავლად გერმანიის შრომისა და სოციალური მდგომარეობის ფედერალური სამინისტროს საკონსულტაციო სამსახურის – „მირას“ წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. სწორედ ეს უწყება ზრუნავს შრომითი მიგრანტების უფლებების დაცვაზე.

მირას“ წარმომადგენლებმა ადგილზე შეისწავლეს ვითარება და დაასკვნეს, რომ ირღვეოდა როგორც კონტრაქტით გათვალისწინებული პირობები, ისე გერმანიის კანონმდებლობა. ამიტომ მათ დამსაქმებელმა 16 ივნისამდე მისცეს დრო გამოესწორებინა საცხოვრებელი და კვებითი პრობლემები. ასევე, 11 ივნისამდე გადაეხადა დასაქმებულებისთვის კონტრაქტით გათვალისწინებული მაისის თვის ხელფასი.

ჯაბა ჩაჩანიძის განცხადებით, გერმანიის სახელმწიფო უწყების გაფრთხილების მიუხედავად, დამსაქმებელმა არ გამოასწორა არც ერთი პირობა და უარი განაცხადა თანხის სრულად ანაზღაურებაზეც.

მისივე თქმით, დამსაქმებელს დღეს, დღის ბოლომდე აქვს ვადა ხელფასის გადასახდელად. იმ შემთხვევაში კი, თუ დამსაქმებელი დაკისრებულ თანხაზე ნაკლებს ჩარიცხავს, „მირას“ უკვე მზად აქვს შესაბამისი სარჩელი და მას ხვალვე შეიტანს.

24-წევრიანი ჯგუფიდან სამი ადამიანი კვირის ბოლომდე საქართველოში დაბრუნებას აპირებს. მათ შორის არის ერთი დასაქმებული, რომელმაც არასათანადო საცხოვრებელი პირობების გამო ფეხის დაზიანება მიიღო და შესაბამისი სამედიცინო დახმარება არ გაწევია.

ამასთან, გერმანიაში ლეგალური დასაქმების პროგრამით წასული საქართველოს მოქალაქეების პრობლემაზე სიუჟეტი საქართველოს პირველმა არხმა გუშინ მოამზადა.

დატოვე კომენტარი