საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობის 15 წელი - ექსკლუზიური ინტერვიუ მისიის ხელმძღვანელთან, დიმიტრიოს კარაბალისთან

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობიდან 15 წელი გავიდა. თარიღთან დაკავშირებით პირველი არხის ჟურნალისტი ქეთი ჩოხელი მისიის ხელმძღვანელს, დიმიტრიოს კარაბალისს ესაუბრა.

ექსკლუზიურ ინტერვიუში დიმიტრიოს კარაბალისმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებთან, ადმინისტრაციული ხაზის გასწვრივ არსებულ უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე გაამახვილა ყურადღება. ინტერვიუს დიდი ნაწილი ოკუპაციის ხაზის მიმდებარედ მცხოვრებთა ყოველდღიურ გამოწვევებსა და პრობლემებს შეეხება.

დიპლომატმა ისაუბრა საქართველოში ყოფნისას, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის ხურვალეთში ვიზიტზე და აღნიშნა, რომ ეს იყო ძალიან მკაფიო გზავნილი, რომ ევროკავშირი რჩება ჩართული და გააგრძელებს მისიის საშუალებით წვლილის შეტანას საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებაში. რა ინსტრუმენტები აქვს მისიას ინციდენტებზე რეაგირებისთვის და მათი პრევენციისთვის, როგორ მუშაობს მისიის „ცხელი ხაზი“.

–  ბატონო ელჩო, 15 წელი გავიდა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განთავსებიდან და მას შემდეგ აღნიშნული მისია არის ადგილზე ერთადერთი საერთაშორისო წარმომადგენლობა. როგორ შეაფასებდით უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობას ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების გასწვრივ? როგორ შეიცვალა ადგილზე მდგომარეობა ამ პერიოდის განმავლობაში?

15 სექტემბერს 15 წელი შესრულდა, რაც ევროკავშირმა გადაწყვიტა სადამკვირვებლო მისიის განლაგება. პირველ ოქტომბერს კი, ასევე 15 წელი შესრულდება, რაც ჩვენ ადგილზე ვართ განლაგებული. თავდაპირველად, ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ ნამდვილად იყო სერიოზული ინციდენტები და ჯერ კიდევ იყო შიში მოვლენების განვითარებასთან დაკავშირებით. დღეს და წლების განმავლობაში ასეთი ინციდენტების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა. ამჟამად შეიძლება ითქვას, რომ მდგომარეობა საკმაოდ სტაბილურია. რა თქმა უნდა, ჩვენ ვცდილობთ, რამდენადაც შეგვიძლია, თავიდან ავიცილოთ ესკალაცია, რაიმე სახის გამწვავება, თუმცა მდგომარეობა მაინც არის ძალიან მგრძნობიარე მსგავსი გაუარესების მიმართ სხვადასხვა მიზეზების გამო. ამავდროულად, ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული მდგომარეობა მკაფიოდ გაუარესებულია. დავიწყებ იმის ხაზგასმით, რომ ადგილზე უბრალოდ არ არის გადაადგილების თავისუფლება და ამას აქვს ძალიან მძიმე შედეგები ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობისთვის. საქმე მხოლოდ იმას არ ეხება, რომ არ შეგიძლია ოჯახების, მეგობრების მონახულება, ეკლესიაში და სასაფლაოებზე მისვლა, არამედ ასევე შეუძლებელია სათანადო განათლების მიღება სასურველ ენაზე, არ შეგიძლია, განახორციელო არანაირი კომერციული საქმიანობა, ამავდროულად არ გაქვს დასაქმების შესაძლებლობა. აქედან გამომდინარე, დიახ, ამ მიმართულებით, ბევრი რამ არის გასაკეთებელი.

– თქვენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელად შვიდ თვეზე მეტია, რაც დაინიშნეთ. მესმის, რომ ეს არ არის დიდი დრო, თუმცა რა არის ის ძირითადი ტენდენციები და გამოწვევები საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით, რომლებსაც თქვენ ხედავთ?

დავიწყებდი იმით, რაც უფრო მეტად დაკავშირებულია ადამიანურ ფაქტორთან. ერთ-ერთ გამოწვევას წარმოადგენს ის, რომ რაც უფრო მეტი დრო გადის მსგავს პირობებში, სხვადასხვა მხარეს მცხოვრები ადამიანების გაუცხოება და იზოლაცია სულ უფრო ღრმავდება. ალბათ, რამდენიმე წელიწადში ჩვენ გვეყოლება თაობები, რომლებიც ისე გაიზრდებიან, რომ არ ექნებათ ერთმანეთთან ცხოვრების გამოცდილება. ეს არის პრობლემა, რადგან ისინი კარგავენ ერთმანეთის მეზობლად ცხოვრების ადრე არსებულ შეგრძნებას. ვფიქრობ, ამას უარყოფითი გავლენა აქვს მომავალზე. თქვენ ახლა მკითხავთ, რას ვაკეთებთ ჩვენ. ჩვენ გვაქვს მცირე პროექტების ძალიან ზომიერი, არაპოლიტიზებული პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ვცდილობთ ამ მდგომარეობის შემსუბუქებას. გახმაურების გარეშე, ჩვენ ვცდილობთ ადამიანების დაახლოებას, ვცდილობთ, გავაცნობიერებინოთ მათ, რომ ამჟამად არსებული ვითარება შესაძლოა, გარდაიქმნას ისეთად, როგორიც იყო წარსულში. ამისთვის ახალმა თაობამ უნდა გააცნობიეროს, რომ ისწავლოს წინა თაობის გამოცდილებიდან. ამავდროულად, ჩვენ ვცდილობთ, მხარეების შეხვედრის ხელშეწყობას. თქვენთვის ცნობილია ჩვენს ხელთ არსებული მექანიზმი – ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი (IPRM). რამდენიმე დღის წინ შეხვედრა გვქონდა ერგნეთში. იქ ჩვენ პოლიტიკურ საკითხებზე არ ვმუშაობთ, შეხვედრისას განვიხილავთ ადგილობრივ მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან საჭირბოროტო საკითხებს. მაგალითად, ბოლო შეხვედრის დიდი ნაწილი მიეძღვნა ირიგაციის საკითხს. სარწყავი სეზონი უკვე დასასრულს მიუახლოვდა, ჩვენ შევთანხმდით, რომ ოქტომბერში ექსპერტები კვლავ შეხვდებიან, განიხილავენ გასულ სეზონში მიღებულ გამოცდილებას და იმსჯელებენ, რა შეგვიძლია, გავაკეთოთ ყველამ ერთად, რათა მომავალი სეზონი უკეთესი იყოს. მე ალბათ, კიდევ მექნება შესაძლებლობა, ვისაუბრო, უფრო ვრცლად განვმარტო, რას ვაკეთებთ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, თუმცა აქვე ვიტყვი, რომ ეს არის ერთ-ერთი ჩვენი ინსტრუმენტი, რომლითაც ვცდილობთ ორივე მხარეს მცხოვრები ადამიანებისთვის რთული ყოფის შემსუბუქებას. მაგალითად, ჩვენ ყოველ წელს ვცდილობთ და ვმუშაობთ, რომ რელიგიურ დღესასწაულებზე გაიხსნას გადაკვეთის პუნქტები, რათა ადამიანებმა შეძლონ კულტურული და რელიგიური ტრადიციების შესრულება. ეს რამდენიმე მაგალითი ცხადყოფს, რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანების სასაუბროდ შეკრების ხელშეწყობა. ეუთო-სთან ერთად ჩვენ ხელს ვუწყობთ მოლაპარაკებებს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის აღდგენის მნიშვნელობას.

– უკვე 18 თვეზე მეტია, რაც რუსეთი განაგრძობს თავის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. ამ ფართომასშტაბიანმა ინტერვენციამ შეცვალა ევროპის უსაფრთხოების გარემო. რა გავლენა აქვს ამას აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების გასწვრივ უსაფრთხოების გარემოზე?

უნდა აღვნიშნო, რომ უსაფრთხოების მდგომარეობა ადგილზე არ გაუარესებულა, რუსეთის უკრაინაში ინტერვენციასა და დღემდე მიმდინარე ომის ფონზე, ეს ჩვენთვის გარკვეულწილად შვებაა. რა თქმა უნდა, ამან ადგილზე მდგომარეობას დამატებითი სირთულე შემატა, არა მხოლოდ ამ ომმა, არამედ ზოგადად სამხრეთ კავკასია იყო და რჩება საკმაოდ მერყევ რეგიონად. ჩვენ და ევროკავშირი ყველაფერს ვაკეთებთ, რათა მოვუწოდოთ თავშეკავებულობისა და პასუხისმგებლიანი მოქმედებისკენ. ხაზს ვუსვამთ ყველა მხარესთან ურთიერთობისას, რომ ახლა არ არის ესკალაციისა და პროვოკაციების დრო. ჩვენ ვერ მივიღებთ სტაბილურობას, როგორც თავის თავად არსებულ მოცემულობას, თუმცა სიტუაცია სხვადასხვა მიზეზის გამო შეიძლება, ძალიან მარტივად შეიცვალოს.

– მინდა, გკითხოთ, უკრაინაში ომი დაწყების შემდეგ შეიცვალა თუ არა უკანონო დაკავებების რიცხვი. როგორია თქვენი მონაცემები? რამდენად ხშირად ხდება „ცხელი ხაზის“ ამოქმედება ახლა, თუკი შევადარებთ უკრაინაში ომამდელ პერიოდს?

უკანონო დაკავებები ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან ეს დაკავშირებულია გადაადგილების თავისუფლებასთან, რაზეც ადრე ვისაუბრე. თავისუფალი გადაადგილება და ხაზის გადაკვეთა როდესაც შეუძლებელია, მაშინ ძალიან ხშირად, სხვადასხვა საჭიროებიდან ან აუცილებლობიდან გამომდინარე, ზოგჯერ კვეთს მოქალაქე. შემდეგ მეორე მხარე მიმართავს მათ ხელთ არსებულ ზომებს, რომლებსაც ჩვენ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ტერმინი არ არის ზუსტი, ვუწოდებთ „ბორდერიზაციას“. შედეგად, ადგილზე არსებობს ღობეები, კამერები, სათვალთვალო კოშკურები და ადგილი აქვს დაკავებებს – ყველა ეს ფაქტორი არის შემაკავებელი ადამიანებისთვის და ზოგადად ზღუდავს გადაადგილების თავისუფლებას. რაც შეეხება რაოდენობას, ამჟამად ჩვენთვის ცნობილია ოთხი დაკავებულის შესახებ „სამხრეთ ოსეთში“ და სამის შესახებ – აფხაზეთში. თუ გადავხედავთ მონაცემებს წლების განმავლობაში, შეიმჩნევა კლება და ვფიქრობ, დაკავებულების საერთო რაოდენობის მაჩვენებელი ახლა ისტორიულ მინიმუმზეა. ამის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რაზეც ვისაუბრე – უფრო მეტ ადამიანს ეშინია დაკავების და ისინი უბრალოდ ვეღარ კვეთენ. ჩვენ ამ ადამიანების ადგილსამყოფელს „ცხელი ხაზის“ გამოყენებით ვადგენთ. „ცხელი ხაზი“ არის მექანიზმი, რომელიც აკავშირებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ყველა მხარის უსაფრთხოების სტრუქტურების წარმომადგენლებთან, რათა მოხდეს დაკავებულის გათავისუფლების დაჩქარება. ჩვენ მოვუწოდებთ დაკავებების პრაქტიკის მთლიანად გაუქმებისკენ. ადამიანი გადაკვეთს, კარგი, მას აჩერებენ და ის მყისიერად უნდა იყოს გაბრუნებული უკან. დაკავების შემთხვევაში, „ცხელი ხაზი“ გამოიყენება, რათა მეტი ინფორმაცია მოვიპოვოთ დაკავებულის შესახებ, მისი ბედის, მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, გაიმართება თუ არა მისი სასამართლო, როდის გაიმართება ის და ა.შ. ჩვენ მაქსიმალურს ვაკეთებთ და რამდენადაც შეგვიძლია, წვლილი შეგვაქვს, გათავისუფლების დაჩქარებაში. მე ძირითადად ვისაუბრე უკანონო დაკავებებზე, თუმცა ვინაიდან ვახსენე ჩვენი „ცხელი ხაზი“, ასევე უნდა აღვნიშნო, რაც დიდად არ არის ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის, ადგილობრივი დასახლებების მიღმა და ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობისთვის – ჩვენ „ცხელი ხაზის“ მექანიზმს ასევე მრავალი სხვა მნიშვნელოვანი მიზეზით ვიყენებთ. წლების განმავლობაში „ცხელი ხაზი“ 20 ათასჯერ ამოქმედდა და მხოლოდ ამ სექტემბერში ეს რიცხვი 200-ს უახლოვდება. ძირითადად სექტემბერში მისი ამოქმედება ირიგაციის საკითხებთან იყო დაკავშირებული, ასევე იმ შემთხვევაში, თუკი ხდება გადაადგილება ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზისკენ ოფიციალური მიზნებით, ჩვენ ამის შესახებ წინასწარ ვაფრთხილებთ. არის შემთხვევები, რომლებიც ქალაქში მცხოვრებ ადამიანს შესაძლოა, ცოტა სასაცილო მოეჩვენოს, მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობისთვის არის უკიდურესად მნიშვნელოვანი – ეს არის „ცხელი ხაზის“ ამოქმედება, როდესაც ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზს საქონელი, შინაური ცხოველები კვეთენ იმ რაიონებში, სადაც არ არის ღობეები. უნდა გავითვალისწინოთ, რამდენად მძიმეა იქ მცხოვრები ოჯახებისთვის პირუტყვის დაკარგვა. ჩვენ გვაქვს საკმაოდ კარგი თანამშრომლობა ამ მიმართულებით. მისიის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ, საქართველოდან დამამახსოვრდება „ცხელი ხაზის“ ერთი განსაკუთრებული აქტივაცია, რომელიც შეტყობინებად მივიღეთ და შეიცავდა ახალგაზრდა ხარის ფანტასტიკურ აღწერას – ის არის შავი, სამი წლის, რეაგირებს ამა და ამ სახელზე, აქვს ნაცრისფერი თვალები, თეთრი ლაქები შუბლზე, არის ცოტა ცელქი, თუმცა დაუყოვნებლივ უნდა დაგვიბრუნდეს უკან. ამ ისტორიას ბედნიერი დასასრული ჰქონდა.

– თქვენი დამკვირვებლები ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ ყოველდღიურად პატრულირებენ. უსაფრთხოების მდგომარეობაზე დაკვირვების გარდა, ისინი ადგილობრივ მცხოვრებლებს ესაუბრებიან და მჯერა, რომ მათ ბევრი რამ იციან მათი ყოველდღიური ცხოვრების შესახებ. თქვენი აზრით, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემები და გამოწვევები, რომელთა წინაშეც ისინი ამჟამად დგანან?

მადლობა ამ შეკითხვისთვის. მე აღვნიშნე, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს დამკვირვებლებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის ურთიერთობა არა სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვების მიზნით, არამედ იმისთვის, რომ ვნახოთ, როგორ ცხოვრობენ ისინი, რას საქმიანობენ, რას ფიქრობენ მომავლის შესახებ. ჩვენ ვამზადებთ ჩვენს ახალ დამკვირვებლებს, როგორ მიუდგნენ მათ, ვასწავლით რეგიონის ისტორიას, ქართველი ხალხის კულტურულ ელემენტებს, სურვილის შემთხვევაში, ჩვენს დამკვირვებლებს ქართული ენის გაკვეთილებსაც ვთავაზობთ, რომ მათ კომუნიკაცია შეძლონ. ჩვენ ვპატრულირებთ და გადმოვდივართ მანქანებიდან, ადგილობრივებთან ვსვამთ ყავას, ვსაუბრობთ ამინდზე, მოსავალზე და ასეთი ინტერაქციების დროს, ვცდილობთ, გავუგოთ მათ. ძირითად პრობლემებს შორის არის გადაადგილების თავისუფლება, დასაქმების შესაძლებლობების არარსებობა, ახალგაზრდებისგან დასახლებების დაცლა, მომავლის შიში, რადგან როდესაც ძველი თაობა თავისი ცოდნით და გამოცდილებით წავა, რა ბედი ელოდება რაიონებს? ძალიან ხშირად ისინი გვაჩვენებენ მიტოვებულ სახლებს და მცირე საწარმოებს, რომელთა დახურვაც მოუწიათ. მათ არ აქვთ ფინანსური სახსრები ადგილობრივი ნაწარმის, პროდუქციის გასაყიდად დიდ ქალაქებში ტრანსპორტირებისთვის და, რა თქმა უნდა, მათ არ შეუძლიათ კომუნიკაცია და კომერციული კავშირები მეორე მხარესთან. ისინი ხშირად ჩივიან ადგილობრივი ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო. ამ შემთხვევაში, რის გაკეთებაც შეგვიძლია, არის ის, რომ ეს ინფორმაცია შევაგროვოთ ჩვენი ცოდნისა და ანალიზისთვის, რათა შემდგომ შესაბამის დროს მივაწოდოთ ის სხვა ორგანიზაციებს, რომლებსაც შეუძლიათ რამე სახის პრაქტიკული დახმარების გაწევა.

– აფხაზეთისა და ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებები კვლავ უარს ეუბნებიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ოკუპირებულ ტერიტორიებზე წვდომაზე და თქვენს დამკვირვებლებს არ ეძლევათ შესაძლებლობა, იქ თავიანთი მანდატი შეასრულონ. გაქვთ თუ არა რამე სახის კომუნიკაცია დე ფაქტო რეჟიმებთან სოხუმსა და ცხინვალში ამ საკითხზე? ხორციელდება თუ არა რამე მცდელობა ამ ტერიტორიებზე წვდომის მოსაპოვებლად და როგორ აფასებთ ამის პერსპექტივას?

თქვენ აბსოლუტურად მართალი ბრძანდებით. მისიას აქვს ყველგან მოქმედების მანდატი, თუმცა სამწუხაროდ, ჩვენ ეს უფლება გვეზღუდება ცხინვალის და სოხუმის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ მიმართულებით მივისწრაფვით, ევროკავშირი ყველაფერს აკეთებს, რაც შეუძლია. როგორც ვახსენე, ჩვენ გვაქვს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი, რომლის ფარგლებშიც გვაქვს შესაძლებლობა, დავსხდეთ და ვისაუბროთ პრაქტიკული საკითხების შესახებ. ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები არის კიდევ ერთი ფორუმი, სადაც ჩვენ სამ თანათავმჯდომარესთან – აშშ-თან, ეუთო-სთან და გაერო-სთან ერთად შეგვიძლია უფრო პოლიტიკური საკითხების განხილვა ასევე ჩვენი ანგარიშგების საფუძველზე და მეშვეობით. თუმცა, ჩვენ არ გვინახავს მკაფიო ნიშნები, რომ დე ფაქტო ხელისუფლებებისგან არის ამჟამინდელი სიტუაციის შეცვლის ნება. ასე რომ, ჩვენ უნდა დავეყრდნოთ სხვა წყაროებს ამ ორ რეგიონში ინფორმაციის შესაგროვებლად. ამ რეგიონებზე შეუზღუდავი წვდომა არის მნიშვნელოვანი და ჩვენ იმედს არ ვკარგავთ.

– რა არის თქვენი, როგორც მისიის ხელმძღვანელის, მთავარი მიზნები?

არ ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე, როდესაც მე მოვალეობის შესრულებას შევუდექი, არსებობს ბევრი რამე, რაც შეიძლება ამ მისიას შემატო. ეს არის ჩამოყალიბებული, წარმატებული მისია და რის გაკეთებასაც ვისურვებდი, არის ის, რომ გაგვეგრძელებინა ის გზა, რომელსაც ვადგავართ ბოლო 15 წლის განმავლობაში. ამ 15-წლიან მემკვიდრეობაზე დაყრდნობით მინდა უზრუნველვყო, რომ ჩვენ გავაგრძელოთ ჩვენი მანდატის შესრულება და, რა თქმა უნდა, შევისწავლოთ ყველა შესაძლებლობა, რათა შევძლოთ იმის კეთება, რის კეთებაც ახლა არ შეგვიძლია. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რაც შეგვიძლია, რათა გადავლახოთ ის დაბრკოლება, რომელიც გვიზღუდავს ჩვენი მანდატის სრულად განხორციელებას და ასევე, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ მისიის მიუკერძოებლობის მთლიანობა. ამავდროულად, ამ მერყევ პერიოდში, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ევროკავშირის ადგილზე ყოფნა იგრძნობოდეს აქ, საქართველოსა და მთელ რეგიონში.

– არ შემიძლია, არ გკითხოთ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის ვიზიტის შესახებ. რა იყო მისი მთავარი გზავნილი, ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზთან ვიზიტისას თქვენს მისიასთან?

არსებობის 15-წლიან ისტორიაში ჩვენთვის ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი გვეწვია მისიის ჩამოყალიბების 15 წლისთავზე აქ, ადგილზე. ეს იყო გარკვეული სახის დაფასება გაწეული საქმიანობისთვის, რომელსაც ვახორციელებთ და განვახორციელებთ. ამავდროულად, ვფიქრობ, ეს იყო, ძალიან მკაფიო გზავნილი მისიის, საქართველოს და ყველას მიმართ, ვინც ისმენს და ხედავს, რომ ევროკავშირი რჩება ჩართული და გააგრძელებს მისიის საშუალებით წვლილის შეტანას საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებაში. მე ვფიქრობ, ეს იყო მთავარი გზავნილი. მისიის სახელით უნდა ვთქვა, რომ ჩვენ ძალიან ვაფასებთ ამ ვიზიტს. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ძალიან ჰუმანური და თბილი პიროვნებაა და მას ჰქონდა შესაძლებლობა, თუნდაც მცირე ხნით, გასაუბრებოდა დამკვირვებლებს, მისიის ქართველ თანამშრომლებს. ვფიქრობ, რომ ის წავიდა კმაყოფილი იმით, რასაც ჩვენ ვაკეთებთ.

– რას ეტყოდით ევროპელ გადასახადების გადამხდელს – რატომ არის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში მნიშვნელოვანი?

დავიწყებ იმით, რომ ჩვენ გვყავს ძალიან აქტიური პრესისა და ინფორმაციის სამსახური, რომელიც წელიწადში თითქმის 365 დღე ევროპულ საზოგადოებას, ტელეკომპანიებს, გამოცემებს, ბლოგერებს, სოციალურ მედიას, ყველას აწვდის ძალიან ზუსტ და დეტალურ ინფორმაციას. სოციალური მედიის მეშვეობით ჩვენ ვაჩვენებთ, რას ვაკეთებთ, რატომ ვაკეთებთ და როგორ ვხარჯავთ გადასახადების გადამხდელების თანხებს. ვფიქრობ, რომ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ვიზიტმა, რომელიც ფართოდ გაშუქდა ევროპაში მედიის მიერ, დაანახა მათაც, ვინც არ იცოდა ჩვენს შესახებ, თუ ვინ ვართ და რას ვაკეთებთ. ამავდროულად, აღვნიშნავ, რომ ჩვენს მისიაში წარმოდგენილი არიან კოლეგები ევროკავშირის 25 წევრი სახელმწიფოდან და ისინი ასევე აწვდიან ინფორმაციას თავიანთ ხელისუფლებებს, თუ რას ვაკეთებთ. თქვენ შენიშნეთ, რამდენად ხშირად არის ჩვენთან ვიზიტები, წევრი სახელმწიფოები არიან დაინტერესებული. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ყარაბაღში ომის შემდეგ, მათ სურთ ნახონ, რომ საქართველო რჩება სტაბილურობის კუნძულად. ამავდროულად, ჩვენ ვცდილობთ, მივაწოდოთ სანდო და არაპოლიტიზებული ინფორმაცია არა მხოლოდ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს და მთავრობებს, არამედ ევროპულ ინსტიტუტებსაც მათი პოლიტიკის ინფორმირების მიზნით. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ანგარიშები, ჩვენი ანალიზი იყოს ობიექტური, არაპოლიტიზებული და ყოველთვის ფაქტებზე დაფუძნებული. ჩვენ ასევე ძალიან მჭიდროდ ვმუშაობთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ მცხოვრები, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ადამიანის უფლებების დაცვის და მათი სირთულეების შემსუბუქების მიზნით.