ტემპერატურის მკვეთრი მატების გამო, გუშინ, დაახლოებით 16:00 საათზე საქართველოში ენერგოსისტემის პიკური მოხმარება დაფიქსირდა, – ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა იუწყება.
კომპანიის ცნობით, მოხმარებამ 1 920 მეგავატი შეადგინა, რაც 80-იანი წლების შემდეგ ზაფხულის პერიოდისთვის რეკორდული მაჩვენებელია.
„ბოლო პერიოდში, მაღალი ტემპერატურის გამო, საქართველოს ენერგოსისტემაში საგრძნობლად გაიზარდა ელექტროენერგიის მოხმარება. მოხმარების აღნიშნული მაჩვენებელი 12%-ით აღემატება შარშანდელი ანალოგიური პერიოდის სიდიდეს. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში, საქართველოს ენერგოსისტემის ზაფხულის პიკური მოხმარების ზრდის ტემპი აჭარბებს ზამთრის პიკური მოხმარების ზრდის ტემპებს და ეს ტენდენცია მომდევნო წლების განმავლობაშიც შენარჩუნდება“, – აცხადებენ ელექტროსისტემაში.