მედიის ცნობით, რუსეთმა უკრაინის ენერგოსისტემაზე ყველაზე მასშტაბური შეტევა განახორციელა, დაიბომბა „დნეპროჰესი“
მედიის ცნობით, რუსეთმა უკრაინის ენერგოსისტემაზე ყველაზე მასშტაბური შეტევა განახორციელა, დაიბომბა „დნეპროჰესი“

რუსეთმა უკრაინის ენერგოსისტემაზე ყველაზე მასშტაბური შეტევა განახორციელა, დაიბომბა „დნეპროჰესი“.

„უკრენეგროს“ გამგეობის თავმჯდომარის, ვლადიმერ კუდრიცკის განცხადებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით რუსეთის არმიის სამიზნე სხვადასხვა ენერგეტიკული ობიექტი გახდა, მათ შორის ერთ-ერთი უდიდესი კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი – „დნეპროჰესი“.

ვლადიმერ კუდრიცკის თქმით, „დნეპროჰესმა“ მნიშვნელოვანი ზარალი მიიღო, ობიექტის ექსპლუატაციასთან დაკავშირებით ზუსტი ვითარება შეიძლება, დაზუსტდეს დღის განმავლობაში, სამუშაოები ამჟამად მიმდინარეობს.

„უკრენეგროს“ გამგეობის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ ჯერჯერობით არ არსებობს ინფორმაცია ან რისკი კაშხლის ჩამონგრევის შესახებ.

რუსეთმა უკრაინის ტერიტორიის დასაბომბად გამოიყენა „შაჰედის“ 63 მოიერიშე უპილოტო აპარატი, 12 ბალისტიკური რაკეტა „ისკანდერ ემ“-ი, 40 ფრთოსანი რაკეტა „ხ-101“/„ხ-555“, ხუთი ფრთოსანი რაკეტა „ხ-22“, შვიდი აერობალისტიკური რაკეტა „ხ-47ემ2“, ორი მართვადი საავიაციო რაკეტა „ხ-59“ და 22 საზენიტო მართვადი რაკეტა „ეს-300“ და „ეს-400“ სისტემებიდან.

უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ 55 „შაჰედი“ და 37 ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდო.