საქართველოში ელექტრო ავტობუსების წარმოების დაფინანსებას ევროპის საინვესტიციო ბანკი გეგმავს
ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოში ელექტრო ავტობუსების წარმოების დაფინანსებას გეგმავს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ვაზილ ჰუდაკმა განუცხადა.
„საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოდერნიზება, ე.წ. მარშრუტკების ჩანაცვლება უფრო თანამედროვე ტრანსპორტით, მათ შორის ელექტრო ავტობუსებით, არ ნიშნავს მხოლოდ ავტობუსების იმპორტს, არამედ საქართველოში მათ წარმოებასაც“, – აღნიშნა ჰუდაკმა.
ევროპის საინვესტიციო ბანკში ვარაუდობენ, რომ საქართველოში წარმოებული ავტობუსების ექსპორტი მეზობელ ქვეყნებშიც იქნება შესაძლებელი, მათ შორის სომხეთში, აზერბაიჯანსა და ირანში.
საზოგადოებრივი ტრანსპორტის მხარდაჭერის კუთხით საფინანსო ინსტიტუტი ჯამში დაახლოებით 100 მილიონი ევროს გამოყოფას აპირებს.
„თანხის დიდი ნაწილი მეტროს მოდერნიზებას მოხმარდება, მათ შორის ახალ ვაგონებს და მოწყობილობას მეტროსთვის“, – განაცხადა ვაზილ ჰუდაკმა.
საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ამბობს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესების გეგმაზე პრემიერ-მინისტრთან, ეკონომიკის და ფინანსთა მინისტრებთან ისაუბრა.
„ისინი ეთანხმებიან, რომ ასეთი ექსპერიმენტი შეიძლება იყოს გამოყენებული სხვა ქალაქებისთვის, მათ შორის ქუთაისისთვის“, – აღნიშნა ჰუდაკმა.
თბილისში დაგეგმილ პროექტებს შორის ევროპის საინვესტიციო ბანკმა ძველი თბილისის რეაბილიტაცია და ენერგოეფექტური ღონისძიებების მხარდაჭერა დაასახელა.