საქართველოში ცხოველთა ორთაბრძოლები კანონმდებლობის დონეზე აიკრძალება. შესაბამისი ცვლილებები „შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიცირება, პირველი არხის ინფორმაციით, საშემოდგომო სესიაზე იგეგმება. ცვლილებების ინიციატორი გარემოს დაცვის კომიტეტი იქნება.
კანონპროექტში ნათქვამია, რომ დაუშვებელია ცხოველთა ორთაბრძოლების ორგანიზება, ჩატარება და პროპაგანდა.
ინიციატივის გათვალისწინებით, ასევე აკრძალულია თუ პირი:
ცდილობს მოაწყოს ან აწყობს ცხოველთა ორთაბრძოლებს;
შეგნებულად იღებს ფულს ცხოველთა ორთაბრძოლაზე დაშვების მიზნით და ავრცელებს ინფორმაციას ცხოველთა ორთაბრძოლების გამართვის შესახებ;
წვრთნის და ამზადებს ცხოველებს ორთაბრძოლაში მონაწილეობისათვის;
იყენებს ან სხვას რთავს ნებას, თავის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობა გამოიყენოს ორთაბრძოლების მოსაწყობად;
შეგნებულად იღებს და ავრცელებს ცხოველთა ორთაბრძოლის ვიდეო და ფოტო გამოსახულებებს ან ინახავს მათ, შემდგომში მათი გავრცელების მიზნით.
იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი აღნიშნულ კანონპროექტს დაამტკიცებს, ცვლილებები 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება.